გასაჯაროვდეს დაფინანსება - პარლამენტის სპიკერმა აშშ-ის სენატორებს უპასუხა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2024
გამოწერა
„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) არ ასაჯაროებს ინფორმაციას, რას აფინანსებს საქართველოში, ამტკიცებს პოლიტიკოსი
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. მოწოდებების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, რომ სენატმა და კონგრესმა გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
თოთხმეტმა სენატორმა გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოაჩენს საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, როგორც მავნე აქტორებს და ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეცვალოს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გადამწყვეტი არის ის, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში. გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, კონგრესისათვის, ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) არ ასაჯაროებს ინფორმაციას, რას აფინანსებს საქართველოში.
„რამდენჯერმე დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული, და არც ერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული, რაში იხარჯება ეს ფული და შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკის მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების, რადიკალური ჯგუფების, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც არ არის კარგი რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს მასშტაბური პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს.
ეს ზეწოლაა: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საპატრიარქომ შეაფასა>>
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0