სპიკერი: ჩხუბი პარლამენტში შეიძლება წინასწარ დაგეგმილი იყო

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
გუშინ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს თავში ჩაარტყა
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა შეიძლება წინასწარ დაგეგმილი აქცია იყოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ორშაბათს, 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი განიხილებოდა, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძეს თავში ჩაარტყა. ინციდენტის გამო სხდომამ მუშაობა 20 წუთით შეწყვიტა.
„აქ პრობლემა შეფასებაში არაა. გასაგებია, რომ ეს არის თავდასხმა და ძალადობა, მაგრამ აქ უფრო პრობლემურია ახსნა, რატომ და ამ ფორმით რატომ მოხდა ეს თავდასხმა? შემდეგ ის შეგულიანებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის მედიის საშუალებითაც, რომლებიც ახდენდნენ ამ ფაქტის წარმოდგენას პოზიტიურ ჭრილში, ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა ის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მდინარაძე ცდილობდა ოპონენტებისთვის დაემტკიცებინა, რომ ქართული კანონპროექტი რუსულ და ამერიკულ ანალოგიურ კანონებზე გაცილებით ლიბერალურია. ოპოზიციონერები, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი „რუსული კანონია“ და არაფერი საერთო არ აქვს დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობასთან.
ჩხუბი პარლამენტში: პოლიტიკოსების შეფასებები>>>
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0