11 დაკავებული პირი და ერთი დაშავებული პოლიციელი: შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.
„თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. აქციის მინაწილეები კი რუსთაველი გამზირზე ამ დრომდე არ იშლებიან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
ყველა ახალი ამბავი
0