შოვისა და გურიის ტრაგედია: დაღუპულთა ოჯახები 20 ათას ლარს მიიღებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
გარდა ამისა, სახელმწიფო დაეხმარება ყველას, ვისაც სტიქიური უბედურების შედეგად სახლი დაენგრა ან დაუზიანდა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ამ ზაფხულში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახები 20 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს მთავრობის სხდომაზე.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
მანამდე, ერთი თვით ადრე რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერმა 32 ადამიანი შეიწირა. ერთი დაკარგულის ძებნა დღემდე გრძელდება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას, ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მოქალაქეებს სტიქიით დანგრეული სახლების აღდგენაში დაეხმარება.
„გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლი, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი ან დაენგრა ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია საცხოვრებლად, ყველას განსახლება მოხდება, უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს", - განაცხადა პრემიერმა.
სტიქიური უბედურების შედეგები გურიაში: აუცილებელია 300-ზე მეტი ოჯახის განსახლება>>
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არანაირი სანერვიულო სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას არ აქვს - სახელმწიფო მოაგვარებს მათ პრობლემებს.
ყველა ახალი ამბავი
0