თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან, 15 მარტიდან კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა.
15 მარტიდან:
– მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო და ფიტნეს-ცენტრები;
– უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
– განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;
– თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშებს განაახლებენ, 1 აპრილიდან კი სრულყოფილად შეძლებენ საქმიანობას.
1 მარტიდან მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა, ბათუმის რესტორნებმა დაიწყეს შიდა სივრცეში მომხმარებლის მიღება (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართული გახდა კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. სამთო კურორტებზე მუშაობა განაახლეს სასტუმროებმა, აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
საქართველოში 8 მარტიდან სამთო კურორტებზე მუშაობა განაახლეს საბაგიროებმა, ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა დაიწყეს მომხმარებლის შიდა სივრცეში მიღება (შაბათ-კვირის გარდა), აღდგა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მუშაობა უქმე დღეებშიც.
ამჟამად კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.