თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პარასკევ ღამით თურქეშთი დაწყებული მოვლენების გამო, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საჰაერო საზღვრები თურქეთისკენ ჩაკეტილია.
„საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით — თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში — შეუფერხებლად ხორციელდება“, ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
პრესსამსახური აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე.
ამასთან დაკავშირებით, მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა და საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი მკაცრად კონტროლდება.
„მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ“, — განმარტებულია განცხადებაში.