თურქეთში სააგენტო Sputnik–ის ვებ-გვერდი დაბლოკეს

© photo: SputnikSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ამბების სააგენტოს გვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ზომების გატარების თაობაზე იუწყება.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. სააგენტო Sputnik–ის საიტი თურქეთში ხუთშაბათს, საღამოს დაიბლოკა. ახალი ამბების სააგენტოს გვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ზომების გატარების თაობაზე იუწყება.

„ტექნიკური შემოწმებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად 5651–ე კანონის შესაბამისად, ტელეკომუნიკაციებისა და კავშირის სამმართველოს 14.04.2016–ის გადაწყვეტილებით №490.05.01.2016.-56092, აღნიშნული საიტის — sputniknews.com მიმართ ადმინისტრაციული ზომებია მიღებული“, — ნათქვამია საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

მანამდე თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არასამართლებრივად სცნო ამ უწყების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერი საიტის დაბლოკვა.

„Sputnik-თურქეთის“ მთავარი რედაქტორის თურალ ქერიმოვის თქმით, ვებ-გვერდზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მკითხველებისგან შეტყობინებებმა შემოსვლა 20:50 საათზე დაიწყო.

„რაიმე სახის უწყება, გაფრთხილება ან სხვა სახის შეტყობინება თურქეთის კომპეტენტური ორგანოებისგან სააგენტოს ხელმძღვანელობას არ მიუღია არც მის ბლოკირებამდე და არც ბლოკირების შემდეგ“, — განაცხადა ქერიმოვმა.

Sputnik - Sputnik საქართველო
„Sputnik ლატვია“ მკითხველს .com დომენზე დაუბრუნდა

თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნულზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

„რადგან უკვე გვიანია და პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ არიან, აღნიშნულზე კომენტარს ვერ მოგცემთ, ხვალ უნდა დაგვირეკოთ“, — განუცხადა თურქეთის ტელეკომუნიკაციებისა და კავშირის სამმართველოს (ТIB) მორიგე თანამშრომელმა РИА Новости–ს.

5651–ე კანონი თურქეთში არის კანონი „ინტერნეტ–მაუწყებლობის რეგულირებისა და აღნიშნულ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. წარსულში კანონი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან ეს კანონი, მათი აზრით, არა მხოლოდ არღვევს სიტყვის თავისუფლებას, არამედ სერიოზულად უზღუდავს მოქალაქეებს ინფორმაციაზე წვდომას. ამ კანონზე დაყრდნობით 2014 წლის მარტში თურქეთში დროებით დაიბლოკა YouTube და Twitter, ვინაიდან ამ რესურსებზე განთავსებული იყო სკანდალური ინფორმაცია კორუფციაზე ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში. თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოგვიანებით არაკონსტიტუციურად სცნო ТIB–ს მიერ საიტების სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკვა და გაათავისუფლა ისინი.
2015 წლის იანვარში თურქეთის პრემიერმა და მინისტრებმა, „საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფონდების შესახებ კანონის“ თანახმად, მიიღეს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკონ ნებისმიერი ინტერნეტ-რესურსი. პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს უფლება აქვთ, TIB–სა და პროვაიდერებისგან, გამომდინარე „ეროვნული უსაფრთხოებიდან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვიდან და დანაშაულის პროფილაქტიკიდან“, საიტის დახურვა ან მისი კონტენტის ამოღება მოითხოვონ შესაბამისი განკარგულების მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში.

სააგენტო Sputnik–ის საიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „პირდაპირი ხაზიდან“ რამდენიმე საათის შემდეგ დაიბლოკა, სადაც პრეზიდენტმა რუსეთ–თურქეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.

კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთი მეგობრად მიაჩნია, მაგრამ არსებობს ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა ქმედებებსაც რუსეთი არაადეკვატურად მიიჩნევს.

თურქ რადიკალებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, თურქეთი იმდენად არ ებრძვის მათ, რამდენადაც თანამშრომლობს.

შეკითხვაზე — წყალში რომ იხრჩობოდნენ, ვის გაუწვდიდით პირველს დახმარების ხელს რეჯეფ ერდოღანსა თუ პეტრო პოროშენკოს, პუტინმა უპასუხა, იმის გადარჩენა, ვისაც ეს არ სურს, შეუძლებელია, თუმცა მეგობრობისა და დახმარების ხელს ნებისმიერ პარტნიორს გავუწვდი, ვინც ამას მოისურვებსო.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას „ტერორისტების ხელშემწყობებისგან ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ  პუტინმა გამოსცა ბრძანებულება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ზომებისა და სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების თაობაზე თურქეთის მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0