ამერიკელი მეცნიერი COVID-26-სა და COVID-32-ზე ალაპარაკდა: გაფრთხილება კაცობრიობას – ვიდეო

© AP Photoკორონავირუსით დაზიანებული უჯრედი
კორონავირუსით დაზიანებული უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
მეცნიერის თქმით, მიმდინარე ასწლეულში ეს უკვე მესამე კორონავირუსული გლობალური ეპიდემიაა SARS-ის და MERS-ის ეპიდემიების შემდეგ.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თუ ვირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის წარმოშობას საფუძვლიანად არ შევისწავლით, კაცობრიობა შესაძლოა COVID-26-სა და COVID-32-ს შეეჯახოს, განაცხადა ამერიკელმა მეცნიერმა, კორონავირუსის ერთ-ერთმა ექსპერტმა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა პიტერ ჰოტეზმა.

„21-ე საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე დიდი ეპიდემია, ანუ პანდემიაა... დედაბუნება გვეუბნება, რა მოხდება: იქნება COVID-26 და COVID-32, თუ ჩვენ სრულად არ გავერკვევით COVID-19-ის წარმოშობაში“, – განაცხადა ექსპერტმა ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში.

​ჰოტეზის თქმით, პირველ ორ გლობალურ ეპიდემიად შეიძლება ჩაითვალოს ატიპიური პნევმონია SARS-ი (ადრეული 2000-იანები) და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი MERS-ი (პირველად დარეგისტრირდა 2012 წელს).

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქების შესასწავლად ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები და სხვა სპეციალისტები უნდა გაიგზავნონ, რათა ადგილზე მოაგროვონ მონაცემები და აუცილებელი ნიმუშები. ჰოტეზს მიაჩნია, რომ ამ მიზნით ჩინეთზე ზეწოლაც არ უნდა გამოირიცხოს.

  • „ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ჩინეთზე, შესაძლო სანქციების ჩათვლით, რათა მოწინავე ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების გუნდმა ჩინეთში დაუბრკოლებლად მიიღოს წვდომა ცხოველებზე, ადამიანებზე, ნიმუშებსა და ლაბორატორიებზე“, — განაცხადა მან.

მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა რელიზი, რომლის თანახმადაც უჰანის ლაბორატორიიდან SARS-CoV-2-ის გავრცელების ვერსია ჯერჯერობით არ გამოირიცხება. რელიზში მოყვანილი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ვირუსის წარმოშობის ორ გზას განიხილავენ: ცხოველიდან ადამიანზე გადადებასა და ლაბორატორიიდან გაჟონვას. რელიზიდან ცნობილი გახდა, რომ სადაზვერვო სამსახურმა 90 დღის განმავლობაში გაორმაგებული ძალებით უნდა განაგრძოს ინფორმაციის მოკრება და ანალიზი, შემდეგ კი პრეზიდენტიც ჩააყენოს საქმის კურსში.

ყველა ახალი ამბავი
0