თბილისი 26 აპრილი — Sputnik. თურქეთმა საერთაშორისო ორდერი გასცა ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex-ის დამაარსებლის დაპატიმრებაზე, რომელმაც ინვესტორების 2 მლრდ დოლარის ოდენობის აქტივები გაიტაცა და მიიმალა, იუწყება სააგენტო Anadolu.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფარუქ ფათიჰ ოზერი, სავარაუდოდ, ალბანეთში იმყოფება.
Escandalo Thodex: Faruk Fatih Ozer, su fundador, con pedido de captura huye hacia Albani https://t.co/HU3yDmuUjb
— COMEX TOTAL (@comextotal1) April 25, 2021
თურქეთის სპეცსამსახურებმა უკვე გაავრცელეს ოზერის ფოტო, რომელიც სტამბულის აეროპორტშია გადაღებული საპასპორტო კონტროლის გავლის მომენტში.
როგორც ირკვევა, სტამბულის პროკურატურამ გამოძიება 22 აპრილს დაიწყო, როგორც კი მედიასაშუალებებით ბიზნესმენის გაქცევის თაობაზე გახდა ცნობილი. უწყებამ 78 ეჭვმიტანილის დაკავებაზე გასცა ორდერი, რომელთაგან 62 უკვე დაკავებულია, 10 კაცის ძებნა კი გრძელდება.
ბირჟა Thodex-მა 21 აპრილს საკუთარ საიტზე განცხადება გაავრცელა, რომ ხუთი დღით წყვეტდა მუშაობას და ვაჭრობა შეაჩერა. Thodex-მა ეს იმით ახსნა, რომ ოპერაციების გასაგრძელებლად ფინანსები არ ჰყოფნიდა. მომდევნო დღეს ბირჟამ გამოაქვეყნა ოზერის წერილი, რომელშიც ის ინვესტორებს თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც თავადაც ჩავიდოდა თურქეთში, რათა კანონის წინაშე პასუხი ეგო. ამასთან ბირჟის გაქცეული გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებდა თავის ადგილსამყოფელს და წერდა, რომ მედიასაშუალებების მიერ ზარალად დასახელებული 2 მლრდ დოლარი დაუსაბუთებელი რიცხვია.
კრიპტოვალუტის ბირჟა Thodex 2017 წლიდან მუშაობს. თურქეთის მოქალაქეები ამ ტიპის ბირჟებით ინვესტიციების ჩასადებად სარგებლობენ, რათა საკუთარი თანხები ინფლაციისგან დაიცვან. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება აკრძალა.