გადატრიალება მიანმაში: ხელისუფლებამ ხალხს ესროლა და ქალაქებში ტანკები შეიყვანა – ვიდეო

© REUTERS / Stringer ვითარება მიანმაში
ვითარება მიანმაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებისა და ხელისუფლების მიტაცების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, დემონსტრაციებზე ასობით ათასი ადამიანი გამოდის.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მიანმის ქალაქებში სამხედროების მიერ ხელისუფლების მიტაცების გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციებზე, რასაც ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა, იუწყება Deutsche Welle.

​მიანმის უდიდეს ქალაქ მიჩინაში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელებით გავრცელდა – მიუხედავად იმისა, რომ არმიის განკარგულებით ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გათიშული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ცნობილი ასევე არ არის არც ის, რა სახის ტყვიები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად — საბრძოლო თუ რეზინის.

​გარდა ამისა, საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ იანგონშიც, სადაც ხელისუფლებამ ტანკების კოლონა შეიყვანა, რასაც თვითმხილველების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტო- და ვიდეოკადრები ადასტურებს.

მიანმაში ხელისუფლება სამხედრო ხუნტამ 1 თებერვალს მიიტაცა. მათ დააპატიმრეს პრეზიდენტი აუნ სან სუ ჩჟი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ერთი წლით. მას შემდეგ პუტჩისტების წინააღმდეგ მიანმაში მასობრივი საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა.

ყველა ახალი ამბავი
0