03:15 26 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (669)
14710

კვლევა, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ მანამდე უცნობი შედეგი გამოავლინა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაისა და ყავის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტიან  ადამიანებში სიკვდილიანობის რისკს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში BMJ Open Diabetes Research & Care.

არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაისა და ყავის რეგულარული მოხმარება, ამ სასმელებში შემავალი სხვადასხვა ბიოაქტიური ნაერთების გამო, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა აქამდე უცნობი იყო, თუ როგორ მოქმედებს ეს ორი სასმელი ერთად მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებზე.

სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს კიუსიუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა იუჯი კომორიტას ხელმძღვანელობით.

ექსპერიმენტისთვის შეირჩა 4923 იაპონელი — 2790 კაცი და 2133 ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 66 წელი იყო და რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი, სულ მცირე, ხუთი წლით ადრე დაუდგინდათ.

კვლევის დასაწყისში მონაწილეებმა შეავსეს 58-პუნქტიანი კითხვარი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ცხოვრების სტილის შესახებ. კითხვები უკავშირდებოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა რეგულარული ვარჯიში, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და ძილის საათების რაოდენობა. ანკეტაში ასევე შედიოდა კითხვა, თუ რამდენ ჭიქა მწვანე ჩაისა და ყავას სვამდნენ საცდელი პირები ყოველდღიურად.

რისკის ფაქტორების კორექტირების მიზნით მონაწილეებს გაუზომეს სიმაღლე, წონა და არტერიული წნევა, აუღეს სისხლისა და შარდის ტესტები.

კვლევის განმავლობაში, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდა, 309 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები — შესაბამისად, 114 და 76 ადამიანი. ამასთან სიკვდილიანობა ყველაზე დაბალი იყო მათ შორის, ვინც ბევრ მწვანე ჩაისა და ყავას მიირთმევდა.

საბოლოოდ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად ოთხი ან მეტი ჭიქა მწვანე ჩაისა და ამას პლუს ორი ან მეტი ფინჯანი ყავის სმა 63%-ით ამაცირებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილიანობის რისკს.

„ეს არის პერსპექტიული კოჰორტაციული გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მწვანე ჩაისა და ყავის დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან. შესაძლოა ეფექტს ამ ორი სასმელის ერთობლივი მოქმედება აძლიერებდეს“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

მკვლევარები ამას იმ ფაქტს მიაწერენ, რომ მწვანე ჩაი შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ნაერთს, მათ შორის ფენოლებს, თეანინსა და კოფეინს. ყავა ასევე შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს, მათ შორის ფენოლებს. მიიჩნევა, რომ კოფეინი დადებითად მოქმედებს ინსულინის გამომუშავებაზე და აუმჯობესებს მის მიმართ მგრძნობელობას.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (669)

მთავარი თემები