თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბრაზილიის შტატ ბაიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik-V-ს კლინიკური გამოცდა იგეგემება, რისთვისაც მხარეებს შორის ხელი მოეწერა კონფიდენციალობის თაობაზე შეთანხმებას ვაქცინის მონაცემების გაუთქმელობაზე, იუწყება გამოცემა Folha de Sao Paolo.
„შტატ ბაიას მთავრობამ სამშაბათს, 8 სექტემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას კონფიდენციალობის თაობაზე, რათა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მონაცემებზე წვდომა მიიღოს“, — ნათქვამია გამოცემის მასალებში.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბრაზილიაში ვაქცინის მოქმედების გამოცდა ეთნიკურ მოსახლეობაზე იგეგმება. აღინიშნება, რომ ამისთვის რეგიონულმა მთავრობამ შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის შესაბამისი ორგანიზაციებისგან.
გარდა ამისა, სექტემბრის დასაწყისში ბრაზილიის შტატ პარანას ხელისუფლებამ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერში რუსული ვაქცინა Spunik-V-ს გამოცდიან 10 ათას მოხალისეზე სამედიცინო პერსონალიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება, გამოცდების მესამე ფაზის გარდა, ასევე ითვალისწინებს პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას ბრაზილიის ტერიტორიაზე.
რუსული ვაქცინა Sputnik V გამოშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში>>
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით. ფონდის პრეზიდენტ კირილ დმიტრიევის თქმით, მათ უკვე 20-ზე მეტი ქვეყნიდან აქვთ მიღებული განაცხადი ვაქცინის 1 მილიარდი დოზის შეძენაზე. გარდა ამისა, მისივე ცნობით, რუსეთმა ასევე მოილაპარაკა ხუთ ქვეყანასთან ვაქცინის წარმოებაზე. საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც წელიწადში 500 მლნ დოზის დასამზადებლად საჭირო სიმძლავრეები გააჩნიათ.