მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გადადების მექანიზმი უცნობია: ვირთხის შტამის სახიფათო დაავადება უკვე 11 ადამიანს დაუდგინდა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშივირთხა
ვირთხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა ახალი საშიში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოავლინეს, რომლითაც მანამდე ადამიანის დაავადება შეუძლებლად მიიჩნეოდა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სულ ცოტა 11 ადამიანს ჰონკონგში უკვე დაუდასტურდა ჰეპატიტ Е-ს ვირთხის შტამი, რომლის გადადების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია, იუწყება CNN.

„ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ვირთხებს ჰონკონგში ადამიანებზე გადააქვთ ვირუსი, რაც ტესტირებით ვლინდება. მაგრამ კონკრეტულად როგორ გადაეცემა ის — ვირთხების მიერ საკვების დაბინძურებით თუ ამაში სხვა ცხოველებია გარეული, არ ვიცით“, — აცხადებს ჰონკონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სიდჰართ შრიდჰარი, რომელმაც აღმოაჩინა კიდეც დაავადების პირველი შემთხვევა.

ირკვევა, რომ დაავადება იმდენად უჩვეულო და უპრეცედენტო იყო, რომ მეცნიერთა გუნდს ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ ჰქონდათ საქმე „ინდივიდუალურ და ერთადერთ შემთხვევასთან, ერთადერთ პაციენტთან, რომელიც ცუდ ადგილზე აღმოჩნდა ცუდ დროს“. მაგრამ პირველ პაციენტს კიდევ ათი დაავადებული მოჰყვა, რაც შრიდჰარს უჩენს საფუძველს ივარაუდოს, რომ შესაძლოა რეალურად ასობით კაცი იყოს ინფიცირებული, რომლებისთვისაც დაავადება ჯერ არ დაუდგენიათ.

ვირუსი - Sputnik საქართველო
ამჯერად ჰანტავირუსი: ჩინეთში მამაკაცი პირდაპირ ავტობუსში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ბოლო ინფიცირებული 30 აპრილსაა გამოვლენილი. 61 წლის პაციენტს ღვიძლის ანომალური ფუნქცია დაუდგინდა. სპეციალისტებმა ძირფესვიანად შეისწავლეს მისი საცხოვრებელი, მაგრამ იქ ვერც ვირთხისა და ვერც მისი ექსკრემენტების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამასთან, პაციენტის ოჯახის წევრებიდან არც ერთს არ ჰქონდა დაავადების არანაირი სიმპტომი.

„არსებული ეპიდემიოლოგიური ინფორმაციიდან გამომდინარე, ინფიცირების წყაროსა და მარშრუტის დადგენა ვერ მოხერხდა“, — განაცხადეს ჰონკონგის ჯანდაცვის ცენტრში (CHP).

ექიმების თქმით, ეს დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცხელება, სიყვითლე და ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანება, შესაძლოა ძალიან სახიფათო გამოდგეს რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის.

მეცნიერებმა უცნობი დნმ-ის მქონე იდუმალი ვირუსი აღმოაჩინეს>>

„აუცილებელია, რომ საზოგადოებამ სიფხიზლე გამოიჩინოს, რათა ეს უჩვეულო ინფექცია კონტროლქვეშ მოვაქციოთ. დიდი იმედი მაქვს, ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ მოქმედებას იმის დასადგენად, რამდენად მოწყვლადია ქვეყნის მოსახლეობა ჰეპატიტ Е-ს ვირთხის შტამის მიმართ“, — ამბობს სიდჰართ შრიდჰარი.

აღსანიშნავია, რომ ჰეპატიტი Е — ეს ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში გვხვდება. ამ დაავადების ვაქცინა არსებობს, მაგრამ, გამოცემის ინფორმაციით, ის მხოლოდ ჩინეთშია ლიცენზირებული.

კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე>>

ჰეპატიტი Е, როგორც წესი, დაბინძურებული წყლით ან საკვებით გადაეცემა და ის იოლად გადააქვთ მყარი იმუნიტეტის მქონე ჯანმრთელ ადამიანებს. ჰონკონგში ვირთხებისგან E ჰეპატიტით ინფიცირების პირველ შემთხვევამდე (2018 წლის ოქტომბერ–ნოემბერი) მიიჩნეოდა, რომ ადამიანის ამ შტამით დაავადება შეუძლებელი იყო.  

 

ყველა ახალი ამბავი
0