ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიმიროსლავ ლაიჩაკი
მიროსლავ ლაიჩაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგი რეგიონში დაძაბულობას შეამცირებს.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ეუთოს თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩაკმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ფაქტი დადებითად შეაფასა.

პირველად 2008 წლის ომის შემდეგ - ზალკალიანმა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა>>

ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.

„საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიელი შუამავლების ხელშეწყობით მნიშვნელოვანია: ის აჩვენებს, რომ არის იმედი, რომ კონსტრუქციულ დიალოგს შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის განმტკიცება ეუთოს რეგიონში ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ", – დაწერა ლაიჩაკმა Twitter-ში.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო ლავროვთან შეხვედრის გამართვაზე შვეიცარიის მხარის წინადადებას დათანხმდა ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ. მისი თქმით, ეს იყო „პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის, რაც იქ (ადმინისტრაციულ საზღვართან - რედ.) შექმნილ მძიმე სიტუაციას უკავშირდება".

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების რეგულარული შეხვედრების ფორმატით არის შენარჩუნებული.

გუშინ გამოცემა КоммерсантЪ-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ლავროვთან, რომელშიც მან განაცხადა, რომ საქართველოში „გამოჩნდნენ შერაცხადი პოლიტიკოსები". ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის, ალბათ, პირდაპირ ფრენებს საქართველოსთან დააბრუნებდა.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. შედეგად სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა შემცირდა.

ბურჯანაძე: რუსეთი მზად არის აღადგინოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან>>

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0