დააკავეს ქალი, რომელიც ბავშვს 7 წელი აშიმშილებდა

გამოწერა
მაგადანელმა ქალმა ნაშვილები ბავშვი სპეციალურად დააავადა, რათა სოციალური დახმარება მიეღო.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში, მაგადანის ოლქში ბრალი წაუყენეს ადგილობრივ მცხოვრებ ქალს, რომელიც 7 წლის განმავლობაში ნაშვილებ ბავშვს აშიმშილებდა, რათა სოციალური დახმარება მიეღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალმა ცხრა წლის წინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრების საშუალება გამონახა. პეტრენკოს განცხადებით, ამისთვის მან შეიმუშავა შემწეობისა და სხვა თანხების მიღების „მკაცრი სქემა". მან მეუღლესთან ერთად, რომელსაც საკუთარი ზრახვების შესახებ არ გაუმხილა, შექმნა მიმღები ოჯახი და მიიღო მეურვეობის უფლება მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მაგადანელ ბიჭუნაზე.

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
პეტერბურგელი პედაგოგი მეორეკლასელისთვის შუბლზე სიტყვა дурак-ის დაწერის გამო დასაჯეს

პეტრენკოს განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებული ბავშვს აღარ აჭმევდა და არ აძლევდა წამლებს, ამით ბიჭუნას ხელოვნურად ჩამოუყალიბა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების კლინიკური სურათი და სიმპტომატიკა. ქალმა შეცდომაში შეიყვანა საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი და მიაღწია იმას, რომ 2010 წლის 25 ოქტომბერს ბავშვი ერთი წლით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად აღიარეს.

ამ სტატუსის გასაგრძელებლად ქალი თითქმის შვიდი წლის განმავლობაში განაგრძობდა ბავშვის მძიმე მდგომარეობის შენარჩუნებას, განაცხადა პეტრენკომ.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ბრალდებულმა მაგადანის საპენსიო ფონდსა და სოციალურ ცენტრში წარადგინა ცრუ ცნობები და ამგვარად ფედერალური ბიუჯეტიდან 7 წლის განმავლობაში 1,5 მილიონ რუბლზე მეტი მიიტაცა.

ქალი დააკავეს და ბავშვის მეურვეობა ჩამოართვეს. ბიჭუნა სხვა ოჯახში გადაიყვანეს, სადაც მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის აღდგენაზე ზრუნავენ. ბავშვის მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამომძიებლები განაგრძობენ საქმის გამოძიებას, რათა დაადგინონ საქმის დეტალები გულგრილობის კუთხით, რომლის დროსაც შეფასდება სამეურვეო ორგანოების იმ თანამშრომელთა ქმედებები, რომლებმაც მიიღეს ბავშვის ამ ოჯახში გაშვილების გადაწყვეტილება და ამოწმებდნენ მისი აღზრდის პირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0