07:35 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურა: საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება შეუძლებელია

© AP Photo/ Sergei Poliakov
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1521 0 0

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან სამშობლოში ექსტრადირება შეუძლებელია, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში.

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად უკრაინაში სააკაშვილის თანამოაზრე დავით საყვარელიძემ ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"როგორც იცით, დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენ ქართველ კოლეგებთან… სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და, იმედი გვაქვს, ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში", — განაცხადა ენინმა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, განიხილავენ თუ არა ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა დაიკავა. 2015 წლის 30 მაისს სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მანამდე კი მთავრობის მრჩეველი იყო. 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი "კლანების" მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" ("რუხ ნოვიხ სილ") დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი ინტერესებისათვის 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გაფლანგვის ფაქტზე. ამჟამად ქვეყნის ექს-პრეზიდენტზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული.

მთავარი თემები