08:52 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ვულკანის ამოფრქვევა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

© AFP/ Rodrigo Buendia
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
11 0 0

ვულკან სინაბუნგის მთის ძირში მინდვრებზე ბრინჯის მოყვანა აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მაინც აგრძელებს ამ საქმიანობას. სინაბუნგი ინდონეზიის 130 მოქმედ ვულკანთა შორისაა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ინდონეზიის დასავლეთში, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა, რასაც სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი სერიოზულად დაშავდა. 

ყველა მსხვერპლი და დაშავებული ვულკანის ამოფრქვევისას ბრინჯის მინდვრებს ამუშავებდა. ისინი ვულკანიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ოლქი „წითელ ზონაშია“ შეყვანილი, იქ ყოფნა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აკრძალულია.

„მდუღარე გაზის ზემოქმედების ქვეშ შვიდი ადამიანი მოექცა, აქედან სამი დაიღუპა, ხოლო ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის უწყების წარმომადგენელმა სუტოპო პურვო ნუგროხომ, იუწყება სააგენტო „ფრანს–პრესი“. მან ასევე დასძინა, რომ დაინგრა რამდენიმე სახლი.

ნუგროხოს თქმით, მიუხედავად აკრძალვისა, ადამიანები მაინც ამუშავებენ მთის ძირში მიწას. „ეს ადგილი ცარიელი უნდა იყოს, საშიშ ზონაში არავინ უნდა იმყოფებოდეს“, – აღნიშნა მან.

ვულკანი სინაბუნგი 2,46 კილომეტრი სიმაღლისაა. ის ინდონეზიის 130 აქტიურ ვულკანს შორისაა. მან ბოლოს, სამწლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წლის 15 სექტემბერს გაიღვიძა და დაახლოებით 25 ათას ადამიანს საცხოვრებელი იძულებით დაატოვებინა. 2014 წლის დასაწყისში სინაბუნგის ვულკანმა სულ ცოტა 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მთავარი თემები