ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა

გამოწერა

მისი ჯილდოებისა და დამსახურებების ჩამოსათვლელად ალბათ ერთი პუბლიკაცია საკმარისი არ იქნება. საუბარია საქართველოს მწერალთა კავშირისა და ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის ნამდვილ წევრზე, ბათუმელ პოეტ ბელა ქებურიაზე.

ის გახლავთ ცხრა კრებულის ავტორი, მისი ლექსები ათ ენაზეა თარგმნილი, არის ბათუმის დამსახურებული მოღვაწე, სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა დასის წევრი, სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის წევრი, ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ საპატიო  ყაბალახისა და „მაჭახლობის“ საპატიო ქამრის მფლობელი.

აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და ამ ზღვისპირა ქალაქის კულტურული ცხოვრებაც ამ ადამიანის გარეშე წარმოუდგენელია...

ბათუმი მისი ცხოვრების მთავარი ქალაქია, სადაც ქუჩები ერთმანეთს კვეთს და ყველა ქუჩას კი ზღვასთან მიჰყავხარ. ნამდვილი ბათუმელობის გამოსაცნობად, თურმე, ასეთი მარტივი „წესი“ არსებობს: რა დროს ანდომებს ადამიანი ამ ქალაქში ერთი პატარა ქუჩის გავლას...

© photo: courtesy of Bela Qeburiaბელა ქებურია
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
ბელა ქებურია

– ქალბატონო ბელა, მოდით, თქვენთან საუბარიც ამ წესის გარკვევით დავიწყოთ...

– მე დავიბადე სამეგრელოში, ქალაქ ჩხოროწყუში და ბათუმში ვცხოვრობ. ბათუმი ის ქალაქია, სადაც ცხოვრება იოლია, თან რთული, ლექსად გამოგვივიდა... და ასეცაა! თუ იმ ბათუმურ წესს მოვირგებ, გეტყვით, რომ, მაგალითად, ისეთი პატარა ქუჩის გასავლელად, რომელიც ზურაბ გორგილაძის სახელობისაა, თავიდან ბოლომდე 15 წუთია საკმარისი, მე კი ხშირად ორი საათიც არ „მყოფნის“. აქ ყველა ქუჩის კვეთაზე ძვირფას, შენსავით ქალაქზე შეყვარებულ ბათუმელებს ხვდები და არა მარტო ბათუმელებს... ასე რომ, ადრე გამოსულს მაინც შეიძლება სამსახურში დაგაგვიანდეს. დაე, დიდხანს გაგრძელდეს ასე, დიდხანს არ მომიშალოს ღმერთმა ჩემ საყვარელ თანაქალაქელებთან შეხვედრა და მათთან ერთად ქუჩაში „დაყოვნება“. ბათუმი საოცარი ქალაქია, აქ ზღვიდან მონაბერ ქარიშხლებზე მოცეკვავე პალმებია, მზეზე გულგაღეღილი მიმოზები და ვარდები დამბანგველ სურნელში გითრევენ...

– მისი გადამბული წვიმები არასდროს მოგბეზრებიათ?

– ბათუმი უფრო ხშირად წვიმის ენაზე მოსაუბრე ქალაქია. თუ ის არ გიყვარს, მისი გადაბმული წვიმებისგან გაქცევა მართლა მოგინდება და თუ ერთხელ წვიმის გამო ქალაქიდან ფეხი „წაგიცდა“, მერე თავადაც გაგიუცხოვდება... სამსახურიდან სახლისკენ მიმავალს, თითქოსდა ჯიბრზე, უქოლგოდ გამოსულს, წვიმა საყვარელი ადამიანივით ზურგიდან, მოულოდნელად მოგეპარება და კისკისს ატეხავს. შენც იძულებული ხარ, გზად შეხვედრილ მეგობრებთან საუბარი შეწყვიტო და სახლში წვიმასავით კისრისტეხით გაიქცე...

© photo: courtesy of Bela Qeburiaბელა ქებურია
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
ბელა ქებურია

– ისე პოეტურად აღწერეთ ეს კლიმატური მოვლენა, რომ მეც მომინდა ბათუმური წვიმით დასველება. როდის გაიღვიძა თქვენში პოეტმა?

– პოეტის გაღვიძება – საოცარი სიტყვათშეხამებაა, ე.ი. პოეტი ხარ და უნდა გამოფხიზლდე. ისე, კია დრო, პოეტებიც და არაპოეტებიც გულიანად გამოვფხიზლდეთ და ქვეყანას მივხედოთ ჯიბრისა და სიძულვილის ენის გარეშე. რაც შეეხება პოეტს, ვფიქრობ, შემოქმედმა ადამიანმა საკუთარ თავს პოეტი არ უნდა უწოდოს. ეს მკითხველზეა დამოკიდებული, გიწოდებენ თუ არა ამ ყოვლად აღმატებულ სახელს. თუ „სიტყვა იყო ღმერთი და ღმერთი სიტყვის თანა“, პოეტიც უფლის ტალანტთან წილნაყარობას ნიშნავს. ამის დატვირთვა გაცნობიერებული მაქვს, ამიტომ სიტყვის მიმართ საოცარი მოკრძალება გამაჩნია. ვთვლი, რომ სიტყვას თუ გაუფრთხილდები და არ წაბილწავ, ის სუფთად, ნათლად, თბილად მოგყვება და მას ტემპერატურის დონეზეც კი იგრძნობ...

– ამბობენ, ადამიანი გადარჩება, თუ მას გაოცების უნარი შემორჩაო, რამ გაგაკვირვათ ბოლოს?

– ამ ბოლო დროს რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ თურმე 21-ე საუკუნემდე სვანურ ლექსიკაში საგინებელი სიტყვა არ არსებობდა. დღევანდელ საქართველოში გინებაც კი გაუკუღმართებულია, შეიძლება გაგიჟდე ადამიანი, როცა საკუთარ დედაზე და მამაზე ბილწად მაგინებელ ზოგიერთ ბიჭს და გოგონას უსმენ!.. ალბათ დააკვირდით, ფაქიზი, ზნეობრივი ადამიანები თითქოს ასხივებენ და ანათებენ სამყაროს, მივბაძოთ მათ და უფრო „დაწმენდილი“ გვექნება გარემო. ეს ჩვენი მომავალი თაობისთვის მაინც გავაკეთოთ.

© photo: courtesy of Bela Qeburiaბელა ქებურია
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
ბელა ქებურია

ბელა ქებურია – შვიდი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. ახლახან, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მწერალთა კავშირმა და ხელოვანთა ოქროს ფონდმა მას იშვიათი ჯილდო, თამარ მეფის ენდალმა გადასცა – მომავალი თაობის ხელშეწყობისა და ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. იგი საქართველოში ამ ჯილდოს მესამე მფლობელია. აჭარის მწერალთა ორგანიზაციამ კი „რჩეული შემოქმედის“ ტიტული მიანიჭა. ბელა ქებურია მომავალი თაობის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელობის პრემიის მფლობელიცაა. ჰყავს მეუღლე – თემურ კახიძე, რომელიც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტია, ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი – ასევე ვაჟები.

– ქალბატონო ბელა, მუზა როდიდან გწყალობთ?

– ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. მახსოვს, დაწყებით კლასებში ერთ-ერთმა მასწავლებელმა ლექსი დამიწუნა და მერე სამი წელი არაფერი დამიწერია. თუმცა, როცა ისევ დავიწყე, მთელი ორი წელი არავის ვაჩვენებდი. მოგვიანებით, მეცხრე კლასში გავბედე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩამოსულ „პირველ სხიველთა“ წინაშე წარვდექი. სტუდენტურ ჟურნალს და ახალგაზრდა მწერლებს მაშინ პროფესორი ტარიელ კვანჭილაშვილი ხელმძღვანელობდა. ეტყობა, მაშინდელმა მათმა შეფასებებმა ცოტა „წამათამამა“ და იქიდან მოყოლებული დღემდე „წილი ნაყარი მაქვს“ მწერლობასთან...

– რომ გავაერთიანოთ თქვენი ცხრა წიგნი, მთავარ მესიჯს, მთავარ სათქმელს მოკლედ როგორ ჩამოაყალიბებთ?

– ეს მესიჯი იქნება ილიას ტრიადა: მამული, ენა, სარწმუნოება! ძირითადში ეს ვარ. იმის იქით ყველაფერი ერთადაა სტრიქონებში გადატანილი: ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, სიყვარული, სიცოცხლე, ემოციები, მოვლენათა რეტროსპექტივა...

© photo: courtesy of Bela Qeburiaბელა ქებურია
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
ბელა ქებურია

– რაიმე „გიჟური“ სურვილი ან ნატვრა ხომ არ გაქვთ ცხოვრებაში?

– არ გაგეცინოთ და... დიდი ხანია ბაკურიანში, კოხტაგორადან დელტაპლანით გადმოფრენა მინდა...

– არის ამბები და არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ მეხსიერებასა და ცხოვრებაზე ნათელ კვალს ტოვებენ...

– ასეთი უამრავი კარგი ადამიანი მახსოვს და მადლობა მათ, რომ არსებობდნენ. ახლა ვინც გვერდით მიდგას, იმათი მადლიერიც ვარ, ალბათ მომავალშიც გამოჩნდებიან კარგი ადამიანები. თუმცა ალაგ-ალაგ სარეველასავით შხამიან და მავნე პიროვნებებსაც შევხვედრივარ. უფალს მადლობა, რომ ცუდისთვის სამაგიერო არასოდეს გადამიხდია. კარგ ადამიანებთან კი, რაც უნდა გავაკეთო, მაინც მგონია, რომ ისევ ვალში ვარ. მარად გადაუხდელი ვალი მაძევს დიდი პოეტის ზურაბ გორგილაძის, ამიტომ მისი ხსოვნისა და შემოქმედების მუდმივი მსახური ყოველთვის ვიქნები. ოჯახის შექმნის შემდეგ გარკვეულწილად „ჩავიკეტე“, ბატონმა ზურაბმა და მისმა ოჯახმა მაიძულა ისევ პოეზიის გზით მევლო. ყველგან, სადაც კი მას შეხვედრას უწყობდნენ, ისე წარმადგენდა ხოლმე, რომ ფრთების მოსხმას არაფერი მაკლდა. წლების მერე მივხვდი, რაოდენ დიდსულოვანი და კეთილშობილი ადამიანი იყო. მას, ზვავივით მომსკდარი პოეტური ხმის პატრონს, მკითხველამდე ჩემი ნაკადულივით პატარა, მაგრამ წკრიალის ხმის მიტანა სურდა და გამოუვიდა კიდეც... მადლობა მის ნათელ სულს!

© photo: courtesy of Bela Qeburiaბელა ქებურიას წიგნი
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
ბელა ქებურიას წიგნი

– ყველამ იცის, რომ თქვენ ნიჭიერ მოზარდებსა და ახალგაზრდებს გზას უკვალავთ და ეხმარებით, საამისოდ ბევრ რამეს აკეთებთ...

– წინა საუკუნის 90-იანი წლებისთვის, როგორც ასეთი, პოეზიის კონკურსების გაგება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მრავლადაა, არ არსებობდა. მაშინ უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს ვხელმძღვანელობდი. მგონი 1993-1994 სასწავლო წელი იყო, როცა სტუდენტი დამწყები პოეტების კონკურსი „აფრა“ ჩავატარეთ. მოგვიანებით, 2003 წელს ეს პროექტი ახალგაზრდებს დავუთმე, მაგრამ „სცენის მტვერისა“ არ იყოს, ერთხელ რომ სერიოზულ რაღაცას გააკეთებ და გამოგივა, მერე ვერ ეშვები. 2011 წელს აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელს ვესაუბრე მოსწავლეთა ყოველწლიური ლიტერატურული ჟურნალის დაარსების შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, არა მგონია, პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც ანალოგი გააჩნდეს, რადგან ამ ჟურნალში მხოლოდ ბავშვების შემოქმედებაა წარმოდგენილი. ისიც უყოყმანოდ დამთანხმდა და უკვე გამოვეცით ჟურნალის შვიდი ნომერი. დღემდე მისი მთავარი რედაქტორი გახლავართ. საინტერესო ფაქტია, რომ ჟურნალის მეოთხე ნომერში ათი ქვეყნის შემოქმედ ბავშვთა ნაწერებია წარმოდგენილი. მოგვიანებით ვერ გავწვდით, თარგმნას ვერაფრით შევძლებდით და ახლა რუბრიკის „ჩვენ ვთარგმნით“ დამატება გვაქვს გადაწყვეტილი.

© photo: courtesy of Bela Qeburiaკონკურსის მონაწილეებთან
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
კონკურსის მონაწილეებთან

– ამ ჟურნალს ლიტერატურული კონკურსიც მოჰყვა?

– დიახ, ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემის მომდევნო, 2012 წელს კონკურსის ჩატარების იდეაც გაჩნდა. საჭირო მასალის იოლად მოძიების თვალსაზრისით აქაც აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის უპირობო მხარდაჭერა მივიღეთ. დავიწყეთ ჩვენი კუთხის ორი დიდი შემოქმედის – ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურსით, რომელსაც მერე მცირე პროზისა და მინიატურის კონკურსიც დაემატა. მას წელს ზღაპრის ჟანრიც დავუმატეთ, ოღონდ გამოგზავნილი მასალა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული, ბებიებისა და ბაბუების „სკივრებში“ ან მათ საკუთარ წარმოსახვაში უნდა მოიძიონ. შეიძლება ფანტასტიკის სფეროც იყოს...

– ვინ უწევს კონკურს დახმარებას?

– ხუთი წლის განმავლობაში სასახლის მწირი ხარჯები გამარჯვებულთა სპეციალურ პრიზებს, დიპლომებს, ბლოკნოტებსა და ავტოკალმებს სწვდებოდა. ხოლო ავტოგრაფიანი წიგნებით საქართველოს მწერალთა კავშირიდან ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, აჭარის მწერალთა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე და მეგობარი მწერლები – ვახტანგ ღლონტი, ცისანა ანთაძე, ირაკლი შამათავა, რამაზ სურმანიძე, სანდრო ბერიძე, როი აბუსერიძე, გენრი დოლიძე, იაშა თანდილავა, გენრიეტა ქუთათელაძე, გივი ჩიღვინაძე და უამრავი სხვა გვამარაგებდნენ. უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის კულტურის სამსახურის მისამართით, რადგან უკვე მესამე წელია კონკურს „ზღვაურს“ სრულად აფინანსებენ და ათობით ბავშვს გულს უხარებენ.

© photo: courtesy of Bela Qeburiaსტამბოლის ქართული კულტურის ცენტრში
ბათუმელობის გამოსაცნობი მარტივი წესი, ტიტულოვანი პოეტი ქალბატონი და მისი გიჟური ნატვრა - Sputnik საქართველო
სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრში

– ხელოვანი ადამიანისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, რომ მის ნააზრევს უცხოეთშიც გაეცნობიან...

– აჭარის მწერალთა სახლმა დაიწყო საიუბილეო სერიების გამოცემა, წელს იუბილარი მწერლების ოთხი წიგნი იბეჭდება, მათ შორის ჩემი კრებული „ათი სარკმელი“, სადაც სხვადასხვა დროს თარგმნილ ჩემ ლექსებს მოვუყარე თავი. ამ წიგნით მინდა ჩემზე, როგორც ქართველ ხელოვანზე, გარკვეულ წარმოდგენა შევუქმნა უცხოენოვან, მაგრამ ქართული ლექსით დაინტერესებულ მკითხველს. უცხოეთში შეხვედრა ძირითადად ჩვენს დიასპორასთან გვიწევს, მაგრამ იმ შეხვედრებს მათი უცხოელი მეგობრებიც ესწრებიან ხოლმე და ეს წიგნი ამითაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

– გაქვთ პასუხი ორ მთავარ კითხვაზე – რა არის მთავარი ცხოვრებაში და ბედნიერებისთვის რა არის საჭირო?

– რა არის მთავარი? – რწმენა, სიყვარული და ოჯახი! ჩემ საყვარელ პოეტს ზურაბ გორგილაძეს აქვს ასეთი ფრაზა: „სიძულვილს ისევ ჩერჩეტი სიყვარული სჯობს, ძამა!“ იცით, ამაღლებული სიყვარული რომ დავივიწყეთ, ფასი და ღირსება რომ დავუკარგეთ, მისი ნამდვილი არსიც მაშინ დაიკარგა... ადამიანმა სხვისი გახარების უნართან ერთად სხვისი სიხარულით განახლების ენერგიაც დაკარგა და ახლა დააბოტებს ფსევდო-სიყვარულით, ფსევდო-პატრიოტიზმით, ფსევდო-თანაგრძნობით, ფსევდო-ნუგეშით. მერე სანაცვლოდაც იგივეს რომ იღებს, ცარიელი რჩება. ასე ვერც ქვეყანა გადარჩება და ვერც ადამიანი. ამიტომ იქცა დეპრესია, ნევროზი და ფსიქოზი საუკუნის დაავადებებად. მინდა ყველას მივმართო: ადამიანებო, გაიხარეთ ერთმანეთის სიხარულით და ჩვენ ირგვლივ სამყარო გაფერადდება და სიკეთისკენ შეიცვლება!..

 

ყველა ახალი ამბავი
0