თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს, ასეთია ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „მიიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში", მკითხველის 83,9%-მა უპასუხა „კი, ქვეყნის ბედი წყდება".
არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს 8,1%-ს, არ მიიჩნევს, რომ მისი ხმა რამეს შეცვლის 3,2%, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს 4,8%-ს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი (38,64%), მას მცირე რაოდენობით ჩამორჩება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (37,73%).
ცესკო საბოლოო შედეგბს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა გამოაცხადებს. ამის შემდეგ ორ კვირაში მეორე ტური გაიმართება.