როცა გამეორება ცოდნის დედა ვერ არის - უიღბლო მძარცველი და მაღაზიის მოხერხებული მეპატრონე

გამოწერა

უიღბლობაცაა და უიღბლობაც, მაგრამ ასეთი?!

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ტელეფონების მაღაზიაში შეჭრილი მძარცველი მართლაც რომ უჩვეულოდ უიღბლო გამოდგა. საცოდავი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ მოხლმოყრილი ევედეროდა პატრონს, აქედან გამიშვითო.

ჰიუსტონის პოლიციის მიერ „იუთუბზე“ ატვირთულ ვიდეოზე ჩანს, როგორ შედის მძარცველი მაღაზიაში, სადაც სამი ქალი და პატარა ბავშვი იმყოფებიან, როგორ მოითხოვს სალაროს გახსნას და ამის შემდეგ როგორ უცნაურად რჩება გარედან ჩაკეტილ შენობაში მარტო.

კადრებში ისმის მისი ხმა: „ეშმაკმა წაიღოს, ჩავიკეტე. ციხეში ჩამსვამენ“.

ამის შემდეგ ის ხან დაჯახებით ცდილობს ჩაამტვრიოს შუშის კარი, ხანაც — ტყვიის სროლით, მაგრამ არაფერი გამოსდის. რაღაც მომენტში მძარცველი მუხლებზე იჩოქებს და მაღაზიის პატრონს ემუდარება, კარი გაუღოს, მაგრამ ამაოდ.

ბოლოს ის პოლიციამ დააპატიმრა.

ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ამ ახალგაზრდას ორი კვირით ადრე უკვე გაეძარცვა ეს მაღაზია. მაშინ მას ორი ათასი დოლარი და რამდენიმე ტელეფონი „მოენადირებინა“.

როგორც ჩანს, საცოდავმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა უკვე „გაკვალულ“ გზაზე გავლა, მაგრამ გამეორება ამჯერად ცოდნის დედა ვერ გამოდგა — 5 წლით გაუშვეს ციხეში.

ყველა ახალი ამბავი
0