იაფად გაყიდული ხიფათი, ანუ კუსტარულად აღდგენილი პროტექტორების მეორე ცხოვრება

გამოწერა

ფულის გულისთვის რომ ყველაფერი არ უნდა იკადროს კაცმა, ეს თითქოს აქსიომაა…

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც, ოღონდ თავად ნახონ სარგებელი და თუ სხვას რამე დაუშავდა, არად დაგიდევენ. თანაც, უბრალო დაშავებაზე კი არა, შესაძლოა ლეტალურ შედეგზეც იყოს საუბარი.

ამ ვიდეოზე ერთი „მოხერხებული“ ხელოსნის მიერ ძველ საბურავებზე პროტექტორების აღდგენის კადრებია აღბეჭდილი. ყველაფრიდან ჩანს, რომ მის ხელში უკვე უამრავ საბურავს გაუვლია, იმდენად ოსტატურად ჭრის რეზინს კაცი.

ვიდეოს თან ახლავს ინტერნეტმომხმარებლების კომენტარები, რომლებშიც ისინი მამაპაპურ „ლოცვა-კურთხევას“ არ იშურებენ ხელოსნისთვის და რა სიტყვებით აღარ მოიხსენიებენ.

„Sputnik-საქართველომ“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა გამოცდილ მძღოლს, რომელმაც გვითხრა:

„დღეს ქართველი ავტომობილისტების დიდი ნაწილი მეორადი საბურავებით სარგებლობს. მწარმოებლების რეკომენდაციით, საბურავის პროტექტორის 20%-ის დარჩენის შემდეგ მათი გამოყენება უკვე სახიფათოა. თუმცა ამ გარემოებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტორი, რომ საბურავს „მოხერხებული“ იმპორტიორები და რეალიზატორები „ახალ სიცოცხლეს“ ჩუქნიან. მათზე პროტექტორების ხელმეორედ ამოჭრა შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. საბურავის ამგვარი „გადამუშავება“ იწვევს მის დათხელებას, დისბალანსს, ამცირებს დაბალი თუ მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობასა და მდგრადობას.

თუ გადაწყვეტთ შეიძინოთ მეორადი საბურავი, გირჩევთ, პირველ რიგში გაარკვიოთ მისი დამზადების თარიღი, რომელიც დატანილია საბურავზე ოთხი ციფრის სახით (მაგალითად 1805 — პირველი ორი ციფრი გვაუწყებს, თუ მერამდენე კვირაშია დამზადებული საბურავი, ბოლო ორი ციფრი კი — დამზადების წლის შესახებ) და შემოხაზულია ოვალური ზოლით. შემდეგ გაარკვიეთ მწარმოებელი და კონკრეტული მოდელი, რომელსაც ინტერნეტში მოიძიებთ და შეადარებთ გასაყიდ ვარიანტს.

განსხვავებების აღმოჩენის შემთხვევაში უარი თქვით შემოთავაზებაზე და განიხილეთ სხვა ვარიანტები.

გახსოვდეთ: თუ საბურავის დამზადების თარიღი შედგება არა ოთხი, არამედ სამი ციფრისგან, იცოდეთ, რომ ისინი გასულ საუკუნეშია დამზადებული!

ყველა ახალი ამბავი
0