ზაკ კინგი ამერიკელი ვიდეომონტაჟისტია, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ექვსწამიანი ვიდეორგოლებით. ამ ვიდეოებით ზაკი ფიზიკის ყველა ცნობილ კანონს „აცამტვერებს“ ციფრული მონტაჟის მეშვეობით და ინტერნეტ-მომხმარებელს მაგიურ სანახაობას ჩუქნის.
ზაკ კინგი სულ 7 წლისა იყო, როდესაც საოჯახო ვიდეოკამერით პირველი „ფილმი“ გადაიღო. მერე ბიოლის უნივერსიტეტის კინოსა და მედია-ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა და მეტად დახვეწა ოსტატობა.
ზაკმა 2010 წელს პირველი ადგილი დაიკავა „ჰიულეტ პაკარდის“ სარეკლამო კონკურსში და ლონდონის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე გავლის უფლება მოიპოვა.
კინგმა 2011 წელს YouTube-ზე ატვირთა ვიდეორგოლი სახელწოდებით „ჯედაი ფისოები“, რომელმაც სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა, ხოლო მომდევნო ვიდეო „ჯედაი ფისოები საპასუხო შეტევით“ უკვე 17-მილიონიან მაჩვენებელზე გავიდა.
2013 წელს ზაკ კინგი YouTube-მ ამერიკის 25 ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფილმმეიკერების ჩამონათვალში შეიყვანა.