პარლამენტთან ოპოზიციამ სადეპუტატო მანდატების ბაზრობა გამართა – ვიდეო

გამოწერა
პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც პირველ საგაზაფხულო სესიაზე მიემართებოდნენ, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულო ფრთის აქტივისტები აქცია-პერფორმანსით დახვდნენ. აქციის ლოზუნგი იყო „დეპუტატების მანდატები იაფად!“

აქციის მონაწილეები ერთპარტიულ პარლამენტს და იმ ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლებმაც ბოლო მომენტში დაიკავეს დეპუტატის სავარძლები. ხალხის რჩეულთ სამუშაო ადგილზე მისვლისას ახალგაზრდები დახვდნენ შეძახილებით „მონებო“, „მოღალატეებო“.

აქტივისტებმა პარლამენტის შენობის შესასვლელთან მუყაოს ჯიხური დადგეს, რომელშიც მათ მიერ დამზადებული დეპუტატის მანდატებს სიმბოლურ ფასად „ყიდიან“. ჯიხურზე მიმაგრებულია დეპუტატების ფოტოები წარწერით „იაფი მანდატები“, „გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად“ და ა.შ.

გარდა ამისა, ახალგაზრდებმა ნაგვის ურნაში მოათავსეს პარტია „მოქალაქეების“ წევრების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილება ბოლოს შეცვალეს და პარლამენტში შევიდნენ.

პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იმ 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ მანდატებზე.

ყველა ახალი ამბავი
0