ირანის მოქალაქეები საქართველოდან გაჰყავთ – ვიდეო თბილისის აეროპორტიდან

გამოწერა
ირანმა საქართველოში სამგზავრო თვითმფრინავი გამოუშვა, რათა ირანის მოქალაქეები სამშობლოში გადაიყვანოს. საქართველომ ირანთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა.

ქართული მხარის გადაწყვეტილებით, რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის დროებით შეჩერებულია. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

საქართველოში ამ მომენტისათვის კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ირანში უკვე 60-ზე მეტი ადამიანია ამ ვირუსით ინფიცირებული, მათ შორის 10 უკვე გარდაცვლილია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეატყობინა ირანულ ავიაკომპანიებს Taban Airlines, Qeshm Airlines და Zagros-ს, რომ მათ შეუძლიათ საქართველოში გამოგზავნონ მხოლოდ ცარიელი თვითმფრინავები, რათა ქვეყნიდან გაიყვანონ საკუთარი მოქალაქეები.

„შეზღუდვა იმოქმედებს ირანში ეპიდემიური რისკის შემცირებამდე. საქართველოს მთავრობა თვალყურს ადევნებს მოვლენათა განვითარებას და განაგრძობს მუშაობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან, საჭიროების შემთხვევაში კი არ გამოვრიცხავთ, რომ შეზღუდვები დაწესდეს სახმელეთო საზღვარზეც“, – ნათქვამია საქართველოს ხელისუფლების შეტყობინებაში.

საქართველოს არ აქვს ირანთან საერთო საზღვარი, სახმელეთო გზით ირანის მოქალაქეები საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოდიან.

ახალი ტიპის პნევმონიის გავრცელების გამო საქართველომ დროებით შეწყვიტა ფრენები ჩინეთში. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ამოწმებენ ყველას. ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობისათვის საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0