უკანასკნელი მთიელი: როგორია სოფლის ერთადერთი მკვიდრის ცხოვრება

გამოწერა
საქართველოში არის მაღალმთიანი სოფელი, სადაც ერთადერთი მკვიდრი დარჩა – ბესარიონ გაგიშვილი. როგორ ცხოვრობს 80 წლის პენსიონერი, იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ადრე მაღალმთიანი რაჭის სოფელი ჭვებარი ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის ყველა მათგანმა დატოვა ეს ადგილი. ზოგი საქართველოს დიდ ქალაქებში გადავიდა, ზოგიც – ვლადიკავკაზში.

ბესარიონმა ვერ შეძლო მშობლიური სოფლის დატოვება და დარჩა აქ სრულ მარტოობაში. ის მიეჩვია ცივილიზაციისგან შორს ცხოვრებას. ბესარიონს არ აქვს არც ელექტროენერგია, არც ბუნებრივი აირი, არც წყალი. პენსიონერი იყენებს ჭრაქს, შეშის ღუმელს და ჭას მეზობელ მიტოვებულ სოფელში.

სოფლის ერთადერთი მცხოვრების ძირითადი გასართობი ძველი გაზეთების კითხვაა, რომლებიც ონიდან მოაქვს. ის რაიონულ ცენტრში თვეში ერთხელ ან ორჯერ მიდის, რათა პროდუქტები შეიძინოს და ახალ ამბებსაც გაეცნოს.

გაგიშვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ. მისი ვაჟი და ქალიშვილი შეძლებისდაგვარად ჩამოდიან მოხუცი მამის სანახავად, თუმცა დიდი ხნით აქ დარჩენას ვერ ახერხებენ.

ბესარიონს ასევე ჰყავს ძაღლი სახელად ლაიკა, რომელიც მას ღორებისა და ქათმების მოვლაში ეხმარება.

სასიცოცხლო პირობების არქონისა და გზების პრობლემების გამო საქართველოს სოფლები ყოველ წელს სულ უფრო ცარიელდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ურბანიზაციის პროცესი არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს პრობლემას, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0