ამაშუკელი ზურაბიშვილის მკაცრ ხასიათსა და ლავროვთან მისი შეხვედრის შესახებ საუბრობს

გამოწერა
პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ისაუბრა

პუბლიცისტმა ბაია ამაშუკელმა სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ისაუბრა.

პუბლიცისტმა და სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშუკელმა საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიხსენა. ამაშუკელმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მსვლელობაში თემაზე "საქართველოს ახალი პრეზიდენტი - გენდერული თანასწორობის გზაზე", რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

"მე არასდროს დამავიწყდება ქალბატონი ზურაბიშვილის მოსკოვში ვიზიტი და მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. მე ვიყავი ამაყი, რომ ეტიკეტისა და პროტოკოლის დაცვით ზურაბიშვილი ლავროვს ქართულ ენაზე ესაუბრა მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო რუსულ ენაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ზუსტად ესაა დიპლომატიური გამოცდილება, ცოტა მკაცრი ხასიათი, პრინციპულობა, კახური გენები არავის მისცემს ამ ქალბატონით მანიპულირების საშუალებას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს ქვეყნისთვის მტკივნეული ბევრი პრობლემის გადაჭრას", – განაცხადა ამაშუკელმა.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება მან პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მიიღო, მოგვიანებით კი აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. პირველი სამსახური მან იტალიაში დიპლომატის რანგში მიიღო – საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის პოზიციაზე. შემდეგ ზურაბიშვილმა თანმიმდევრულად განაგრძო კარიერული ზრდა.

52 წლის ასაკში მისი პროფესიული ოცნება ასრულდა – ის საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშნეს. თუმცა ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა. 2004 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ზურაბიშვილს წელიწადნახევრის განმავლობაში ეკავა. 2005 წლის ოქტომბრიდან ის დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0