ჩინურმა კომპანიამ ტელეარხ „რუსთავი 2“-ს ბოდიში მოუხადა

გამოწერა
"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ქართული ფილიალის დირექტორმა იუბინ იანგმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან მომხდარი ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მათი ორი თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს

"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" ქართული ფილიალის დირექტორმა იუბინ იანგმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან მომხდარი ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მათი ორი თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ინციდენტი ოთხშაბათს, დილით მოხდა სოფელ ქვიშხეთში, სადაც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. როდესაც „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი სიუჟეტის გადასაღებად ადგილზე მივიდა, მათსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა. ჟურნალისტმა ეკა გაგუამ და ოპერატორმა ლევან კალანდიამ განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და წაართვეს ვიდეოკამერა, თუმცა მოგვიანებით უკან დააბრუნეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ შიგნით არ იყო მეხსიერების ბარათი.

ხუთშაბათს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვიშხეთში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავა ჩინური კომპანიის აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელი და თარჯიმანი. "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებმა მშენებარე ობიექტზე მიიწვიეს ჟურნალისტები, რათა გაცნობოდნენ არსებულ მდგომარეობას და გადაეღოთ ფოტოები და ვიდეომასალა.

კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" საქართველოში 2010 წლიდან მუშაობს. სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზასთან" დადებული შეთანხმების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთი 2019 წელს უნდა ჩაბარდეს. კომპანიამ უნდა ააშენოს ექვსი გვირაბი, რომელთაგან ნაწილი უკვე მზადაა.

ყველა ახალი ამბავი
0