შეტაკებები პოლიციასთან, გულის წასვლები და დაკავებები: საპროტესტო აქცია თბილისის ცენტრში

გამოწერა

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მეანაბრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ აპირებდნენ მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას, ხოლო პოლიცია ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა.

დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, კიდევ რამდენიმე შეტაკების შედეგად დაშავდა. დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა დაახლოებით 200 ადამიანი — მეანაბრეები, რომლებიც საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ, მეანაბრეებმა კომპანიას უკვე უჩივლეს სასამართლოში. რამდენიმე საათის განმავლობაში მომიტინგეები პლაკატებით ხელში ისხდნენ პარლამენტის კიბეებზე. შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა.

მედიის ინფორმაციის თანახმად, საფინანსო კომპანია "საქართველოს" ჯამური ვალი შეადგენს 76 მილიონ ლარს. საქმეში ფიგურირებს 2,6 ათასზე მეტი დაზარალებული. ამ მომენტისათვის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მეანაბრეებმა საქმის მსვლელობით უკმაყოფილების შედეგად საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. აქციის მონაწილეები საკუთარ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ქალი შეუძლოდ გახდა, მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0