საქართველოში წლის ბებია და ბაბუა აირჩიეს

გამოწერა

თბილისში უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური საახალწლო რიგით მეცამეტე კონცერტი–კონკურსი "ბებია და ბაბუა — 2017" ჩატარდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღონისძიება.

საუკეთესო ბებიისა და ბაბუის წოდების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და ქვეყნის სხვა რეგიონების მკვიდრმა 70-დან 89 წლამდე ასაკოვანმა ადამიანებმა. სადღესასწაულო ღონისძიება თბილისის ელექტრომომარაგების კომპანია "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით სათნოების სახლმა "კათარზისმა" ჩაატარა.

"ბებია და ბაბუა 2017"-ის ტიტული თბილისის მკვიდრ 88 წლის იოსებ ხუცურაულსა და 89 წლის ვარდო თოდრიას მიენიჭათ, რომლებსაც გადაეცათ ფულადი საჩუქარიც 500 ლარის ოდენობით. დანარჩენ კონკურსანტებს ასევე გადაეცათ ფულადი პრიზები და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები.

კონკურსის გამარჯვებულებმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი და შობა მიულოცეს.

კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ ცნობილი ქართველი მსახიობები, მომღერლები და ტელეწამყვანები.

ყველა ახალი ამბავი
0