კონაშენკოვმა სირიაში რუსეთის ახალი ავიაბაზის გახსნის შესახებ ჭორები გააქარწყლა

გამოწერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ჟურნალისტებთან სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და ამ ქვეყანაში მეორე რუსული ავიაბაზის შექმნის შესახებ  ჭორები გააქარწყლა.

ერთ დღე–ღამეში რუსულმა თვითმფრინავებმა "ჰმეიმიმის ავიაბაზიდან" სირიაში 82 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, ოთხშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ–მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

"რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა 82 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს სირიაში ტერორისტების 204 ობიექტზე  პროვინციებში ალეპო, იდლიბი, ლათაკია, ჰამა და ჰომსი. ამასთან, 32 საბრძოლო გაფრენა ღამის პერიოდში შესრულდა", – განაცხადა რუსეთის თავდაცვის წარმომადგენელმა.

ინფორმაცია, რომელიც რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, სირიაში მეორე რუსული ავიაბაზის გახსნის შესახებ, კონაშენკოვის თქმით არ შეესაბამება სიმართლეს.

"გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია დასახლებულ პუნქტ შაირათში ახალი რუსული ავიაბაზის გახსნის შესახებ <…> არ არსებობს სირიის ტერიტორიაზე ახალი რუსული ავიაბაზების გახსნის არავითარი ოპერატიული აუცილებლობა, როგორც ამის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, არ არსებობდა და არც ახლა არსებობს", – აღნიშნა გენერალ–მაიორმა.

კონაშენკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა 2015 წლის 6 დეკემბერს დასახლებული პუნქტი დეირ–ეზ–ზორის რაიონში სირიის არმიის პოზიციებზე ავიადარტყმაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, აღნიშნული რაიონის თავზე რუსული თვითმფრინავები არ ყოფილა, რუსეთი ყველა გაფრენას სირიის სამთავრობო არმიის გენშტაბთან და საჰაერო გადაადგილების სამმართველოსთან ათანხმებს.

რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიაში, რომლის მიზანიცაა სირიის სამთავრობო არმიის სახმელეთო ოპერაციის მხარდაჭერა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურის განადგურება, 30 სექტემბერს დაიწყო. ამ დროის მანძილზე რუსულმა თვითმფრინავებმა 2 ათასზე მეტი ობიექტი გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0