საქართველოში შანსონის პირველ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ორგანიზატორები მომავალში ტრადიციის გაგრძელებას და შანსონის კავკასიური ფესტივალის დანერგვას აპირებენ. ასევე იგეგმება ტელეარხის "Кавказского шансон-ТВ" ჩამოყალიბება.
გასულ კვირას თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩატარებული სამდღიანი ფესტივალი, საქართველოში პირველი "შანსონ კლუბის" ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ფესტივალის ყველა მონაწილე დასაჩუქრდა და კლუბის წევრი გახდა, მათ შორის ისინიც, ვინც საზღვარგარეთიდან — აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდა.
ფესტივალიდან შემოსულ თანხებს ორგანიზატორები საქართველოს დედაქალაქში ცოტა ხნის წინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დახმარების ფონდში გადარიცხავენ.