სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები

© photo: courtesy of Teona Gogniashviliმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში მოგზაურობა ექსტრიმისა და ეგზოტიკის მოყვარული უცხოელებისთვის ნამდვილი საჩუქარია, ჩვენთვის კი, პირველ რიგში, მოგზაურობა საქართველოს ისტორიული მხარეში, რომელიც ქვეყნისთვის თავისებური განძთსაცავის ფუნქციას ასრულებდა.

არ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რასაც უჩვენოდაც ნახავთ „გუგლში“, უბრალოდ, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

სვანეთში ჩასულს თვალში მოგხვდებათ ის ფაქტი, რომ წელსაც ამ მხარეს ბევრი ტურისტი ჰყავს. ძირითადად გერმანიიდან და პოლონეთიდან არიან. ზურგზე უზარმაზარი ჩანთები აქვთ მოკიდებული და გაოცებული ათვალიერებენ ირგვლივ ყველაფერს – უძველესი არქიტექტურის უნიკალურ ქმნილებებს – სვანურ კოშკებს და პირველყოფილ ბუნებას. უმრავლესობას უკვირს, რომ ამ სასწაული მხარის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliმესტია, ერთ-ერთ კაფეში
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
მესტია, ერთ-ერთ კაფეში

ქართველებისგან განსხვავებით უცხოელები უპრეტენზიოდ იტანენ ყოველგვარ დისკომფორტს და იმ მინიმალურ სერვისს, რასაც ადგილობრივები სთავაზობენ. ერთი ჰოსტელის მფლობელს ჩვენთან საუბრისას გულწრფელად წამოსცდა:

– ტურისტებისგან საყვედური არ გვსმენია და, აი, ქართველები კი ყველაფრით უკმაყოფილოები როგორ ხართ?!.

ზოგ შემთხვევაში ამგვარი უკმაყოფილება ჩხუბშიც კი გადადის ხოლმე. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მთლად სანიმუშო ქცევით არც ზოგიერთი უცხოელი გამოირჩევა. მაგალითად მოგიტანთ ფაქტს, რომელსაც თავად შევესწარი. საფრანგეთიდან ჩამოსულ წყვილს მესტიის ცენტრში, პარკის სკამებზე წინდებისა და საცვლების მთელი „არსენალი“ ჰქონდა გამოფენილი. ამ ამბის გამო სვანებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს. თუმცა თავშეკავებულად მაინც აგრძნობინეს, რომ მათი საქციელი არ მოეწონათ... სიმართლე გითხრათ, ფრანგებს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, მხოლოდ ჟესტებით ანიშნეს, რომ მალე წავიდოდნენ... აქ სვანების ცხოვრების კრედო, ლამის კანონის რანგში აყვანილი მათი მთავარი პრინციპი გამახსენდა: „რასაც შენ თავს არ აკადრებ, სხვას არ აკადრო“!..

© photo: courtesy of Teona Gogniashviliმესტიის ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე ბავშვები
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
მესტიის ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე ბავშვები

სვანების ასეთი „კანონი“ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესიდან მოდის, რის ფაქტობრივ გამოხატულებასაც ადგილობრივ მუზეუმებში იხილავთ. მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ევროპულ სტანდარტებზე მორგებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც წარსული და არქეოლოგიურ-ისტორიული განძი ისე ეფექტურადაა წარმოდგენილი, რომ დროში მოგზაურობის განცდას გიტოვებთ... მიხეილ ხერგიანის მუზეუმში მეგზურობას ღირსეულად და საინტერესოდ გაგიწევთ ამ ოჯახის შთამომავალი.

ადგილობრივ კაფე-ბარებში შესულები დავრწმუნდით, რომ აქ „უბატონოს“ სტატუსით მარტო სვანები კი არა, ადგილობრივი მაწანწალა ძაღლებიც სარგებლობენ. ისინი ყველგან ჭარბად არიან და თავს ისე შინაურულად გრძნობენ, რომ ლამის ერთი ადგილი მაგიდასთან მათთვის იყოს გამოყოფილი. ჩვენ კითხვაზე, ასე რატომ ხდება, ერთი კაფე-ბარის მეპატრონემ აგვიხსნა:

– რამდენჯერაც ძაღლების გაგდება დავაპირეთ კაფედან, იმდენჯერ უცხოელების შენიშვნა დავიმსახურეთ: ცხოველების უფლებებს ნუ არღვევთო!..

ასე რომ, ისინიც იძულებული არიან ადგილობრივი ძაღლების ასეთი „გათავხედება“ ტურისტების გამო აიტანონ!..

© photo: courtesy of Teona Gogniashviliსიყვარულის კოშკი
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
სიყვარულის კოშკი

აქაურ კუთხეს უნიკალურობას 20-30 მეტრი სიმაღლის სვანური კოშკები მატებს. ასეთი ტიპის საცხოვრებელი სახლები სიმყარის თვალსაზრისით, წესით, ჩვენი დროის მშენებლების შურს უნდა იწვევდეს, რადგან ამ კოშკებმა საუკუნეებსა და მრავალ მიწისძვრას ვაჟკაცურად გაუძლო.

ერთმა ასეთმა კოშკმა, რომელიც „სიყვარულის კოშკის“ სახელითაა ცნობილი, მარტო მიწისძვრას კი არა, ადგილობრივი სვანების რისხვასაც „გაუძლო“... ეს კოშკი ალბათ სვანური ბუნების პარადოქსულობაზე მეტყველებს და იშვიათი მაგალითია იმისა, როგორი მიმტევებელი შეიძლება იყო იმ შემთხვევაში, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ამ კოშკის ლეგენდას სრულად არ მოგიყვებით, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ კოშკი მამამ აუგო თავის ერთადერთ ქალიშვილს მირანგულს, რომელიც ცოლ-შვილიან მამაკაცზე ბეშქენზე იყო შეყვარებული. ეს უკანასკნელი ნადირობის დროს ხრამში გადაჩეხილა. შეყვარებულმა გოგონამ არ დაიჯერა ვაჟის დაღუპვა და მამის მიერ მის სანუგეშებლად აგებული კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა თურმე გზას... ასეთია სვანური სასიყვარულო სამკუთხედის Love story…

© photo: courtesy of Teona Gogniashviliსიყვარულის კოშკის სუვენირები
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
სიყვარულის კოშკის სუვენირები

ამ კოშკის წინ სუვენირად ქცეულ სიყვარულის იმიტაციას – მუყაოს კოშკებს უკვე წლებია ჰყიდის ზაირა ქურდიანი, რომელსაც ისინი მაგიდაზე აქვს გამოფენილი. ჩემი შეკითხვა მაინცდამაინც არ გაკვირვებია:

– ქალბატონო ზაირა, სვანები ხომ ოჯახურ ტრადიციას მკაცრად იცავთ და ამ ამბავზე რა აზრის ხართ?

– როცა სიყვარული გეწვევა, არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა, შეუყვარდა იმ გოგოს და...

– რა ღირს თქვენი სიყვარულის კოშკის სუვენირი?

– დიდი რვა ლარი, პატარა – ოთხი.

– ვაჰ, როგორ გაუფასურებულა სიყვარული!..

– ეგ სუვენირის ფასია, ნამდვილი სიყვარული კი შეუფასებელია.

– უცხოელები თუ ყიდულობენ?

© photo: courtesy of Teona Gogniashviliზაირა ქურდიანი
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
ზაირა ქურდიანი

– ვინც ეს ამბავი იცის, უფრო ისინი ყიდულობენ, ამ კოშკზეც ადიან და იმ ფანჯრიდან ფოტოებსაც იღებენ.
თუ ექსტრიმის მოყვარული ხართ, მძაფრი შეგრძნებებისთვის ზღვის დონიდან 2348 მეტრზე არსებულ სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე უნდა ახვიდეთ საბაგიროთი. მაგრამ თუ ამანაც ვერ დაგაკმაყოფილათ, მაშინ უშგულის სამანქანო გზას დაადექით. იქ ასჯერ მეტი ადრენალინი გამოგეყოფათ და ამ გზამ, შესაძლოა, ყველაზე კოშმარული სიზმარიც დაგავიწყოთ... მაგრამ შიშის გადალახვა ნამდვილად ღირს.

სოციალური ქსელები მოფენილია ხოლმე ამ კუთხის ულამაზესი ფოტოებით. უშგულს არა მარტო ვირტუალური, ყველა ჩვენგანის გული რეალურად ეკუთვნის, რადგან ეს სვანური თვითნაბადი საოცრებაა. მიუხედავად ცუდი გზებისა, სოფელში ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს ხალხი და ტურისტებიც მთელ სეზონზე ადიან.

83 წლის ნორა ნიჟარაძე ქალაქში გადასული ადგილობრივი მოსახლეა და მას უშგულში შევხვდით.

– ქალბატონო ნორა, აქ ზამთარში არ ცხოვრობთ?

– არა, ჩემი შვილები უკვე თბილისში არიან გადასული საცხოვრებლად და ყოველ ზამთარს თავისთან მივყავარ, აქ არ მტოვებენ.

– ალბათ ქალაქში ჩასულს აქაურობა გენატრებათ...

© photo: courtesy of Teona Gogniashviliუშგულის მკვიდრი ნორა ნიჟარაძე
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
უშგულის მკვიდრი ნორა ნიჟარაძე

– მენატრება, მაგრამ, აბა, რას ვიზამ? არ მტოვებენ შვილები. ახალი ამოსული ვარ უშგულში, ნახეთ, რა ლამაზია...

– ზამთარში გზები არ იკეტება?

– არ იკეტება, ტურისტებიც ამოდიან, ვისაც თხილამურებით სრიალი უყვარს...

– ახალგაზრდობაში ლამაზი იქნებოდით, ოჯახს როგორ მოეკიდეთ?

– ვერც გავიგე, ისე გამათხოვეს...

– არ გიყვარდათ?

– 16 წლის ვიყავი და სიყვარული რა არის არ ვიცოდი, მერე გავიგე...

– ანუ მერე შეგიყვარდათ?

– შვილებმა გამაგებინეს სიყვარული რა არის...

– ისინი თუ ამოდიან აქ?

© photo: courtesy of Teona Gogniashviliჰაწვალისკენ მიმავალი საბაგირო
სვანეთი live – სვანური სასიყვარულო სამკუთხედი და უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
ჰაწვალისკენ მიმავალი საბაგირო

– ყოველ 1 აგვისტოს აქაურები ცხვარს კლავენ და ყველა აქ ამოდის. ჩემი შვილებიც მაგ დროს ამოდიან. მათაც უყვართ ეს მხარე...

შეუძლებელია სვანეთი ერთი ნახვით არ შეგიყვარდეს, მაგრამ ამასთან გულიც არ დაგწყდეს, რომ ასეთი შესაძლებლობის მქონე, ტურისტულად მიმზიდველი რეგიონი ჯერ კიდევ მოუწყობელია და ბევრი პრობლემის წინაშე დგას, ეს განსაკუთრებით უშგულის გზას ეხება. მართალია, ნატახტარის აეროპორტიდან ხორციელდება ფრენა სვანეთის მიმართულებით, მაგრამ ადგილობრივებისთვის ბილეთის თანხა ხელმისწავდომი არ არის, ტურისტების უმრავლესობა კი მაინც არჩევს, რომ ფეხით ან ავტომანქანით გაიაროს გზა, სადაც ასეთი საოცარი ხედებია და რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური დასახლებისკენ მიჰყავხარ...

ყველა ახალი ამბავი
0