თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. იაპონიის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია ჩატარდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო" ფარგლებში. ორგანიზატორები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს საელჩო იაპონიაში.
ქართველმა მეღვინეებმა თავიანთი პროდუქცია მსოფლიოში უდიდესი კომპანია Sony Music Communication-თან და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით უკვე მეორედ წარადგინეს.
ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დავით გოგინაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Intourist Japan, Toyota tsusho corporation, Turkish Air & Travel, Latera International, Europe Expres და სხვ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრები, რომლებზეც შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე>>
ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.