გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
თათუკა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ თათია დალაქიშვილს წარმოგიდგენთ. დღეს ჩვენთან სტუმრად მოსულებს გპირდებით, რომ თათიას მოგზაურობები ნამდვილად შესანიშნავ ხასიათზე დაგაყენებთ.

თათია 25 წლისაა. პროფესიით დიპლომატი გახლავთ. მოგზაურობა ოთხი წლის წინ დაიწყო და უკვე 15 ქვეყანაშია ნამყოფი. ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ შექმნა ბლოგი, რომლის საშუალებითაც ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ამით ბევრ საქმეს უმარტივებს.

- ჯერჯერობით ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, მაგრამ სამომავლოდ მაქვს დიდი გეგმები. ამ მომენტისთვის საერთაშორისო კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად ვმუშაობ. ჩემი საქმე ძალიან მომწონს, რადგან  საინტერესოა და ამასთან ერთად მაქვს საშუალება ბევრი ახალი რამ ვისწავლო და განვვითარდე. მოგზაურობის გარდა ჩემი საყვარელი საქმიანობა კიკ-ბოქსია. დიდი ხანია ვვარჯიშობ და ჩემს ენერგიას ბოლომდე სწორედ აქ ვხარჯავ.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში?

- ჩემთვის მოგზაურობა მთის სუფთა ჰაერივითაა. რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ, მით უფრო მეტს ვიგებ ჩემს თავსა და შესაძლებლობებზე. ვგრძნობ, როგორ ვიზრდები პიროვნულად, როგორ იცვლება ჩემი მსოფლმხედველობა და ვყალიბდები იმ ადამიანად, რომელიც მინდოდა ვყოფილიყავი. მოგზაურობისას ვეცნობი სხვადასხვა კულტურას, ისტორიას და ხელოვნებას. ამასთან ერთად ვსწავლობ  ენებს, რაც მაძლევს საშუალებას კომუნიკაცია დავამყარო ადგილობრივებთან და უფრო მეტი შევიტყო მათ შესახებ.

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი?

- პირველად 21 წლის ასაკში ვესტუმრე თურქეთის საზღვაო კურორტს. სიმართლე გითხრათ, მაშინ ბევრი ვერაფერი ვნახე, მაგრამ მალევე წავედი იტალიის სანახავად. სწორედ იქ დამემართა კულტურული შოკი. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ვუყურებდი. ვატიკანის დათვალიერებისას კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. დღემდე არ მავიწყდება ეს შეგრძნება. სწორედ იტალიიდან დაბრუნებულმა ვთქვი, რომ „მოვიწამლე“ მოგზაურობით და ამიერიდან ხშირად უნდა ვესტუმრო სხვადასხვა ქვეყანას.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- რამდენად ხშირად მოგზაურობთ და რამდენ ქვეყანაში ხართ დღემდე ნამყოფი?

- ეს ბოლო პერიოდია საკმაოდ ხშირად ვმოგზაურობ. მადლიერი ვარ ჩემი სამსახურის, რომ მაქვს საშუალება შვებულება ისე გადავანაწილო, როგორც ჩემთვის არის მოსახერხებელი. ამ მომენტისათვის 15 ქვეყანაში  ვარ ნამყოფი. ზოგიერთ ქვეყანაში რამდენჯერმეც კი. მაგალითად იტალიაში, რადგან შეყვარებული ვარ მათ კულტურასა და ცხოვრების სტილზე.

- ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

- როგორც უკვე ვახსენე იტალიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ემოცია დღემდე მაქვს გამოყოლილი. აქ არქიტექტურა და ბუნებისგან ნაბოძები სილამაზე ერწყმის ერთმანეთს. ჩინკვე ტერეს ერთ-ერთი სოფელია რიომაჯორე, რომელიც ზღვისპირა  პატარა, კოხტა,  კლდეზე გამოჭედილი სახლებით ამშვენებს არემარეს. აქ ვნახე ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლა და შეყვარებული ვარ ამ საოცარ ადგილზე.

ასევე ჩემს საყვარელ ქვეყნებს შორის შედის პორტუგალია თავისი ოქროსფერი სანაპიროებით და ზღაპრული ხედებით. ჩემთვის ალგარვეს რეგიონი პატარა სამოთხესთან ასოცირდება, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით ვბრუნდები.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- თქვენთვის რა უფრო პრიორიტეტულია მუზეუმები თუ ლამაზი ხედები?

- ორივე თანაბრად. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მხატვრებს, მიყვარს როდესაც ვაკვირდები სხვა ქვეყნის არქიტექტურას. მუზეუმებში სტუმრობა საშუალებას მაძლევს ჩემს წარმოსახვაში ვიმოგზაურო სხვადასხვა ეპოქაში და ძალიან მომწონს ეს ემოცია. ლამაზი ხედებით ტკბობა კი განუსაზღვრელად შემიძლია. ხედებით ტკბობა ჩვენმა ქვეყანამ შემაყვარა და სწორედ ამ სიყვარულით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ სხვა ქვეყნებისგან. ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი და პორტუგალია ეს ის ქვეყნებია, სადაც შემიძლია საათობით ვიდგე და ვუყურო ლამაზ ხედებს.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს. შეგიძლიათ ეს ამბები გაიხსენოთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოგზაურობ, ძალიან ცუდი ორიენტაციის გრძნობა მაქვს. თუ რუკა არ მაქვს შესაძლოა ისე დავიკარგო, ვეღარასდროს მივაგნო სახლს. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც დიდი თავდაჯერებით რუკის გარეშე გავუდგები გზას. რასაკვირველია, ყოველი მსგავსი ამბავი ჩემი დაკარგვით სრულდება. მშვენიერი მზიანი დღე იყო სორენტოში, როდესაც გადავწყვიტე პორტის მოსანახულებლად წავსულიყავით მე და ჩემი მეუღლე. სწორედ ისეთი დღე იყო რუკის გარეშე, რომ უნდა მიმეგნო და შემდეგ დავბრუნებულიყავით უკან.  ნიკა მორჩილად გამომყვა, მაინც არ ეგონა ესეთი სუსტი ორიენტაცია თუ მქონდა. ბევრი ბოდიალის, შეხვევა-შემოხვევის, გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ მივაგენით პორტს. ნიკა არც ისეთი კმაყოფილი იყო, რადგან ძალიან ცხელოდა და პორტამდე გზა ფეხით გამოვიარეთ სულ რაღაც ოთხი საათი. უკანა გზის მარშუტი თავის თავზე აიღო. კაცი გააჩერა და ჩვენი სასტუმროს მისამართი აჩვენა პასუხად კი, ამ კაცმა ძალიან შეშფოთებულმა უთხრა, რომ ქალაქის ბოლოში ვიყავით და სასტუმრომდე ფეხით მოგვიწევდა წასვლა, რადგან ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტი არ დადიოდა.  სიცხეს შიმშილიც აძლევდა ბანს. სიარულისას ერთ ქუჩას მივაკვლიეთ, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და სავსე იყო ლიმონჩელოს მაღაზიებით. ლიმონჩელო ვინც არ იცის გეტყვით,  ალკოჰოლური სასმელია, ჩვენი ჭაჭის ახლო ნათესავია ლიმონის არომატით. მაღაზიის მეპატრონეები ტკბილად გეპატიჟებიან შიგნით და გთავაზობენ ლიმონჩელოს დაგემოვნებას. ვიფიქრეთ, ერთს გავსინჯავთ და გავაგრძელებთ გზას. ერთ მაღაზიაში თუ შეხვედი სხვა მაღაზიის მეპატრონე იქამდე არ მოგეშვება სანამ იქაც არ შეხვალ და მათ ლიმონჩელოს არ დააგემოვნებ. ამ დღის დასასრული ასეთი იყო - სასტუმროს მივაგენით, არ გვახსოვს როგორ, მაგრამ მეორე დღეს ბორჯომზე რომ ვვოცნებობდით ორივე ეგ კი კარგად გვახსოვს.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

- პირველი ტური დამოუკიდებლად საბერძნეთში დავგეგმე. ყველაფერი კარგად გავთვალე, თითქოს არაფერი გამომრჩა. ჩავფრინდით სანტორინში. დაგვხვდა მძღოლი, დილის 6 საათი იყო, თუმცა მზე არსად ჩანდა. მიგვიყვანა სასტუმროში, გამოგვართვა ჩანთები და გვითხრა, ეხლა წადით და ორ საათზე მოდითო. თავიდან გვეგონა, რომ მოგვეჩვენა და ბედნიერი ძილ-მორეული სახით ველოდებოდით, თუ როდის გვანახებდა ჩვენს ოთახს. კაცმა კი ჩანთებს დასტაცა ხელი და გვერდით ოთახში შეინახა. ისევ გაგვიმეორა, რომ ორ საათამდე ოთახში შესვლას ვერ ვეღირსებოდით. რამდენიმე წამში ისეთი მცხუნვარება ვიგრძენი, ვიფიქრე მზე ასე სწრაფად როგორ ამოვიდა და დილით თუ ასეთი მწველია, შუა დღეს რაღა იქნებათქო. მოვბრუნდი და ხელში ჩემი ქმარი შემრჩა. რა უნდა გვექნა, გავუდექით გზას. მივადექით ყველაზე ცნობილ ხედებს და ჩამოვსხედით. გარშემო მიმოვიხედეთ არავინ ჩანდა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. პირველ წამებში ვიფიქრე, რომ ჩვენი ზღაპრული მოგზაურობა ცუდად დაიწყო, მაგრამ უცბად ჰარმონიულ სიმშვიდეში მზემ გამოანათა, ისე ლამაზად შემოიჭრა და მოიცვა იქაურობა სულ გადაგვავიწყა ძილი, შიმშილი და დაღლა. ჩვენს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა, განათდა პატარა თეთრი სახლები, აკიაფდა ეგეოსის ზღვა და ამ ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორნი ვინაწილებდით. აქედან კარგი გაკვეთილი მივიღე, ზოგჯერ შეცდომებს კარგი დასასრული აქვს ხოლმე.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- არის ქვეყანა სადაც დაუფიქრებლად წახვიდოდით საცხოვრებლად?

- იტალიაში, რადგან ძალიან მომწონს მათი ხმაურიანი და ემოციური ცხოვრების სტილი. ზუსტად იციან ზღვარი დაღლასა და დასვენებაში. მათი კულტურა და ისტორია ამოუწურავია.

- გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

- როდესაც მოგზაურობის დაგეგმვას ვიწყებ თანაბარ დროს ვუთმობ სანახავი ადგილების არჩევას და ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციის მოძიებას. მიყვარს ახალი კერძების დაგემოვნება. არც ექსპერიმენტებს ვერიდები.  ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს სტამბოლში დავაგემოვნე ადგილობრივებისთვის ძალიან საყვარელი კოკორეჩი, რომელიც ძალიან არომატული და გემრიელია, მაგრამ ინგრედიენტებით დიდად არ აღვფრთოვანდი. შუა დაგემოვნებაში ვიყავი, როდესაც ბედნიერი სახით მზარეული მიყვებოდა რას მივირთმევდი. ეს, კი იყო ცხვრის სუბპროდუქტი გახვეული ნაწლავში. საქართველოში დაბრუნებისას კი აღმოვაჩინე, რომ კოკორეჩი ყველაზე ამაზრზენი საკვების მესამე საპატიო ადგილს იკავებდა. იმის მიუხედავად, რომ კოკორეჩის შემადგენლობამ ერთი სიცოცხლე წამართვა, ვფიქრობ თურქეთი ლიდერია გემრიელი კერძების დამზადებაში. ასევე ჩემთვის ღირსეულ კულინარიულ ადგილს ჩეხეთი იკავებს, სადაც არანაკლებ გემრიელი კერძები დავაგემოვნე. რჩევის სახით გეტყვით, რომ იქ ყოფნისას აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან „ლოკალს“ და დააგემოვნეთ „სვიჩკოვა“ მადლობას კი ჩემს ბლოგზე დაველოდები.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი მოგზაურობა გაიხსენეთ?

- ყველაზე იაფი მოგზაურობა ჩემთვის კვიპროსზე იყო. ბილეთები სულ რაღაც 49 ლარად შევიძინე, ბინა 4 ღამით 150 ლარად. კვებაც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო. ვფიქრობ იაფი მოგზაურობა სეზონზეა დამოკიდებული. თუ გინდათ,რომ შედარებით ნაკლები დახარჯოთ ბილეთებსა და ბინაში მაშინ მოგზაურობა უნდა დაგეგმოთ ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე, როდესაც დაბალი სამოგზაურო სეზონია. იაფად საცხოვრებელი კი Airbnb _ს მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ.

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მოგზაურობ. თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი მეგზური ვინ არის და რატომ?

- მოგზაურობისას პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ცუდმა პარტნიორმა შესაძლოა მთელი მოგზაურობა ჩაგიშალოთ. ამ საკითხში მე ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი შეუცვლელი მეგზური და მეგობარი ჩემი მეუღლეა. მე და ნიკას საერთო ინტერესები გვაქვს, ერთნაირად გვიყვარს ფეხით სიარული და მოგზაურობის დაგეგმვისას ორივეს სურვილი თანაბრად ნაწილდება. მასთან ერთად საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნოა მოგზაურობა. თუ შენი და შენი მეგზურის ინტერესები და სურვილები არ ემთხვევა ერთმანეთს, გირჩევთ თავი აარიდოთ მასთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას, რადგან დისკომფორტის მეტს მსგავსი პარტნიორი არაფერს მოგიტანთ. ასევე არ დაგავიწყდეთ, თქვენი თავის საუკეთესო პარტნიორი თქვენ თვითონ ხართ და მარტო სამოგზაუროდ წასვლა იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- მოგზაურობის შესახებ გაქვთ ბლოგი. მოგვიყევით თქვენი ბლოგის შესახებ, რატომ გაგიჩნდა იდეა  ბლოგი შეგექმნათ?

- მოგზაურობის სიყვარულმა და ჩემმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა გამეკეთებინა ბლოგი. „პიკოპედია“ მკითხველს აძლევს საშუალებას მარტივად და ხელმისაწვდომად იმოგზაუროს. „პიკოპედია“ უკვე ჩემი შვილივით მიყვარს, რადგან დიდ დროს, ენერგიას და მონდომებას ვდებ იმაში, რომ მკითხველისთვის საინტერესო და ინფორმაციით აღსავსე იყოს თითოეული საკითხი. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ხმა, რომ დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება ლამაზი ადგილები მოინახულონ. ხოლო მათ, ვისაც არ შეუძლია გარკვეული მიზეზების გამო მოგზაურობა, ჩემი ჩანახატებით და ფოტოებით მინდა შევუქმნა და ავუღწერო ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ამით გავულამაზო დღე. გარდა სამოგზაურო რჩევებისა, პიკოპედიაზე ხშირად შეხვდებით სამოტივაციო პოსტებს. ბლოგი სახელად „პიკოპედია“ ყველას მეგობარია და ყოველთვის მზად არის თითოეულ მკითხველს გაუზიაროს გამოცდილება.

© photo: courtesy of Pikopedia blogთათუკა დალაქიშვილი
გოგონა რომელმაც კვიპროსზე 49 ლარად იმოგზაურა: რაში გეხმარება „პიკოპედია“ - Sputnik საქართველო
თათუკა დალაქიშვილი

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რის მონახულებას აპირებთ?

- მარტის ბოლოს ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ქვეყნებს უნდა ვესტუმრო. იტალიას, პორტუგალიას და ესპანეთს. ჩემს ტურს ახალი მიმართულებები დავუმატე და სულმოუთქმელად ველოდები გამგზავრებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0