კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ

© FB / Around the Worldსოსო ნებიერიძე ბალიზე
სოსო ნებიერიძე ბალიზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალის გაგონებისას ყველა მოგზაურს ძირითადად ლამაზი კუნძული წარმოუდგება თვალწინ და არა ის გემრიელი ხილი, ზაფხულში რომ მივირთმევთ.

ყველას უნდა ნახოს ბალი, განურჩევლად გემოვნებისა და ინტერესებისა. ვინც ნამყოფია, სამოთხეს ადარებს, ვინც არ არის ნამყოფი, წარმოსახვებში ტკბება კუნძულის მშვენიერებით, მაგრამ არის კი ის ისეთი საოცრება, როგორიც წარმოგვიდგენია?

მოგზაური სოსო ნებიერიძე საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გასწავლით, როგორ იმოგზაუროთ ბალიზე იაფად და რა სანახაობებით დატკბეთ მოგზაურობის დროს.

© FB / Around the Worldსოსო ნებიერიძე ბალიზე
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე ბალიზე

– თავიდან დავიწყებ. ჩავფინდი დენპასარის აეროპორტში, გასვლისთანავე ჩვეულებრივ, როგორც ხდება თითქმის ყველგან აზიაში, ტაქსისტები, შემოთავაზებები და ასე შემდეგ, ფასები რომ გესმის, ხვდები, არც თუ ისეთი ძვირია ტაქსი აეროპორტიდან, რაც იმაზე მიგანიშნებს, რომ ტაქსიც და ბევრი სხვა რამ გაცილებით იაფი იქნება შემდგომ დღეებში.

მოკლედ, მე და კომუნიკაბელური ტაქსის მძღოლი 10 დოლარზე მოვრიგდით და სასტუმროსკენ წავედით. გზად სიმ-ბარათი მაყიდინა 25 დოლარად, სასაუბრო ბლომად და 8 გიგაბაიტი ინტერნეტით, რომელიც ყველა წერტილში მშვენივრად მუშაობდა. ბევრი მელაპარაკა, მერე თავისი ოჯახის ფოტოები მაჩვენა მობილურში და სავიზიტო ბარათიც გადმომცა – თუ რამე დაგჭირდეს, აქა ვარ, დარეკე ნებისმიერ დროსო. მივაღწიეთ სასტუმრომდეც, საათზე მეტი დაგვჭირდა 20 კილომეტრის გასავლელად. მივხვდი, რომ რასაც ბალის „საცობებზე“ ამბობდნენ, გაზვიადებული არ იყო. სასტუმროში მეფესავით დამხვდნენ, ყველა გესალმება, გეკითხება როგორ ხარ, აბა რამე ხომ არ გინდა, მთელი პერსონალი ახალ სტუმარზეა გადართული. მომსახურება მართლაც საუკეთესო იყო, მით უმეტეს, არც ისეთი მაღალი დონის სასტუმროში ვიყავი. სასტუმრო სემინიაკიზე იყო, ოკეანესთან ახლოს, დღეში 20 დოლარს ვიხდიდი.

© FB / Around the Worldკუნძული ბალი
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
კუნძული ბალი

სად დავრჩეთ

თუ ბალიზე ჩასვლას გეგმავთ, დასარჩენად სამი ყველაზე პოპულარული ადგილიდან ერთზე მოგიწევთ არჩევანის შეჩერება, ესენია კუტა, სემინიაკი და უბუდი. კიდევ უამრავი ადგილებია, მაგრამ ძირითადად ტურისტები ამ სამიდან ერთ-ერთს ირჩევენ. კუტა და სემინიაკი ოკეანის ნაპირზე მდებარეობს და ერთმანეთის გვერდიგვერდაა. კუტა ბევრად გადატვირთულია, უამრავი ტურისტი, ადგილობრივი, ყველგანაა სასტუმროები, მაღაზიები, ბარები და ასე შემდეგ. სემინიაკი ოდნავ წყნარია და მდიდრული სასტუმროებიც მეტია. რაც შეეხება უბუდს, ის თითქმის კუნძულის შუაგულშია, შედარებით მაღალზე, ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. ტერასები, მაიმუნების ტყე, და სხვადასხვა ტაძრებთან მოხვედრა აქედან უფრო ხელსაყრელია. ცნობილი სასტუმროები, აი, ჯუნგლების სილამაზით რომ ტკბები და თან აუზში ნებივრობ, სწორედ აქაა, თუმცა ფასებს ნუ იკითხავთ...

სასტუმროები, ვილები და მათი ფასები

ბალი ერთადერთია, სადაც სასტუმროს არჩევა ძალიან გამიჭირდა, რადგან იმხელა არჩევანია და ისეთი კარგი ფასები, რომ რთულია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. აქ ყველანაირ სასტუმროს ნახავთ, ყველანაირი ბიუჯეტისთვის, დღეში 10-დოლარიანსაც და 200-დოლარიანსაც. 20 დოლარად შეიძლება ისეთი სასტუმრო იპოვოთ, თავი სიზმარში გეგონოთ.

ვილებიც ძალიან იაფია და ეს მათთვისაა კარგი, ვინც მეგობრებთან ერთად მიდის, 4-5-6 ადამიანი როცა მოგზაურობს ერთად, მთლიანად ვილის დაქირავება ყველაზე კარგი ვარიანტია. ეზოში აუზი გაქვს, სამზარეულო გაქვს, შენ გემოზე ხარ და, რაც მთავარია, იაფიც გამოდის.

© FB / Around the Worldკუნძული ბალი
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
კუნძული ბალი

გადაადგილება, ტრანსპორტი

გათენდა მეორე დღე, დილის კვება იდეალური იყო. დროის დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ პირდაპირ მოპედის დასაქირავებლად წავედი. ერთი დღე 3-5 დოლარი ღირს, ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ მოპედზე, თუმცა მალევე ავითვისე და მეორე დღეს უკვე გიჟივით დავძვრებოდი საცობებში.

ყველაზე დიდი პრობლემა ამ კუნძულზე სწორედ გადაადგილებაა. იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ მოპედის დაქირავება საუკეთესო ვარიანტია, თუმცა მოპედითაც კი რთულია გადაადგილება, განსაკუთრებით, შორ გზაზე. ერთ დღეს ჩანჩქერების და რამდენიმე ადგილის მოსანახულებლად წავედი მოპედით. ჯამში 180 კმ-მდე მომიწია გავლა. „სახეახეული“ დავბრუნდი უკან. აი, რასაც ჰქვია, განადგურებული ვიყავი. შემდეგ ბრინჯის ტერასებისკენ და მაიმუნების ტყისკენ მქონდა გეზი და მინივენის დაქირავება გადავწყვიტე. რვასაათიანი მომსახურება ექვსკაციანი მინივენით 40 დოლარი ღირს, მაგრამ ესეც საკმაოდ დამქანცველი აღმოჩნდა. ჯამში დაახლოებით ხუთი საათი ვიყავით გზაში. არადა მანძილი არც თუ ისე დიდი იყო. ერთი სიტყვით, გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე სადღაც ვერ ივლით, რადგან ზედმეტად გადაიტვირთებით, რამდენიმე დღე უბრალოდ რელაქსაციისთვის, დასვენებისთვის იქონიეთ გეგმაში.

© FB / Around the Worldკუნძული ბალი
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
კუნძული ბალი

გადავწყვიტე მესამე დღეს Ulun Danu Temple და ირგვლივ მდებარე სანახაობები მენახა. წავედი მოპედით, გზას ორი საათი დასჭირდა. მივაღწიე, როგორც იქნა. ველოდები, რომ რაღაც საოცრებას ვნახავ, თუმცა არაფერი განსაკუთრებული – რამდენიმე შენობა ტბის პირას. მალევე წამოვედი და ცნობილი Handara Bali Gate-ის სანახავად წავედი. აქ ფოტოს გადაღება „ბაქეთ ლისტში“ მქონდა. ფოტოებში აშკარად უფრო შთამბეჭდავი ჩანდა, რეალურად ვერ იყო მაინც და მაინც გასაოცარი. ბოლოს Sekumpul ჩანჩქერისკენ ავიღე გეზი. საოცრად ლამაზი გზა მიდის მისკენ, მოპედით იქ გავლა ერთი სიამოვნება იყო. პარკინგიდან ჩანჩქერამდე ფეხით გასავლელი საკმაოდ რთული გზაა. ძალიან ბევრი კიბეა. ჩასვლისას იმდენად არა, მაგრამ უკან ამოსვლისას საშინლად დაიღლებით. თუმცა ნამდვილად ღირს ეს წვალება ამად. ჩანჩქერი არის საოცრება. მის აღწერას არ დავიწყებ, რადგან შესაბამის სიტყვებს ვერ ვძებნი. დაე, ფოტოებმა თქვან სათქმელი.

რა ვნახოთ ბალიზე

სანახავი ბალიზე ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაფერის ნახვა შეუძლებელია, ამიტომ იმას გეტყვით, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Tegalalang Rice Terraces, აქვეა Ubud Art Market-იც, სადაც სუვენირების და უამრავი საინტერესო ნივთების შეძენას შეძლებთ, ასევე Saraswati Temple, Ubud Palace, Ubud Monkey Forest, Uluwatu Temple (ტაძარი კლდის პირზე მდებარეობს და ოკეანეს გადაჰყურებს, აქ შეგიძლიათ საღამოს მიხვიდეთ და მზის ჩასვლის ცქერით დატკბეთ), Besakih Temple (ყველაზე დიდი ტაძარია ბალიზე), Tirta Empul Temple, Ulun Danu Temple, Sekumpul Waterfalls და Gunung Kawi.

ეს ჩამონათვალია ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადგილების, თუმცა მე პირადად მხოლოდ რამდენიმე მათგანი მომეწონა, დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ ამ ტაძრებით. ვერც ბრინჯის ტერასები იყო მაინც და მაინც მომნუსხველი. ტაძრიდან ტაძარში სიარულმა დამღალა. ტკბილ ლუკმას ბოლოსკენ ვინახავდი, მეხუთე დღეს Nusa Penida-ს კუნძულისკენ მქონდა გეზი აღებული.

© FB / Around the Worldკუნძული ბალი
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
კუნძული ბალი

Nusa Penida Island

სწორედ ეს საოცარი კუნძულია ჩემი ბალიზე ჩამოსვლის მიზეზი. რომ არა ნუსა პენიდას კუნძული, ალბათ ძალიან უკმაყოფილო წამოვიდოდი ბალიდან. დილის შვიდ საათზე გავედი სასტუმროდან და Sanur პორტისკენ გავემართე. სწორედ აქედან გადიან გემები ნუსა პენიდასკენ. ბილეთში 20 დოლარი გადავიხადე ორივე გზაზე. სადღაც 50 წუთში მივცურეთ ნუსა პენიდას კუნძულზე. იქვე მოპედი ვიქირავე ოთხ დოლარად და საოცნებო Kelingking Beach-სკენ გავემართე. მოპედით ერთი საათი დამჭირდა. გზის დაახლოებით ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი ძალიან ცუდია, თუმცა რა სანახაობაც გზის ბოლოს გელოდებათ, ყველანაირ წვალებად ღირს. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის პირველი ემოცია, რაც ამ საოცრების ნახვისას გეუფლება. გაოგნებული ვიჯექი და გადავყურებდი ლურჯ ოკეანეს, ოქროსფერ სანაპიროს, ირგვლივ კლდეებში და სიმწვანეში ჩაფლულს, საოცარი ფორმის მთას და მასზე ჩამავალ დამრეც ბილიკს. სანაპიროზე ჩასვლა არ არის მარტივი საქმე, საკმაოდ დამღლელია და ამოსვლა ორმაგად რთულია. თუ ჩასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიმარაგეთ წყალი. ამ საოცრებიდან 30 წუთის სავალზეა Broken Beach, არანაკლებ სანახაობრივი და ლამაზი ადგილი. თუ დრო გაქვთ, ერთი-ორი ღამით დარჩენა ნუსა პენიდაზე ყველაზე კარგი ვარიანტია, შეძლებთ მთლიანად დაათვალიეროთ კუნძული.

როგორ მოვხვდეთ ბალიზე იაფად

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ბალიზე მოხვედრა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

აღმოვაჩინე შედარებით იაფი გზა აზიის ძალიან ბევრ და საინტერესო ადგილებში მოსახვედრად. დიდი ხანი არაა, რაც ძალიან მაგარმა ავიაკომპანიამ Scoot Airlines დაიწყო ფრენები ათენის და ბერლინის მიმართულებით სინგაპურიდან. www.flyscoot.com – აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეამოწმოთ ფასები. ყოფილა შემთხვევა, რომ 300-400 ევროდ არის ორი გზა ძალიან მაგარ მიმართულებებზე - ფილიპინები, ინდონეზია, ჩინეთი და ასე შემდეგ. მაგალითთდ, 12-21 იანვარი ათენი-კუალა ლუმპური-ათენი, ან ათენი-სინგაპური-ათენი 380 ევრო ღირს. ყველა ფრენა სრულდება სინგაპურის გავლით. სინგაპურში ტრანზიტის დროს არანაირი ვიზა არ გვჭირდება. ათენამდე და ბერლინამდე ჩასვლა კი არც თუ ისე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ვიზეარი“ ორივე ქალაქში დაფრინავს. მე ბალიდან სწორედ ამ ავიაკომპანიით ჩამოვფრინდი და ბილეთში დენპასარი-ათენი 170 ევრო გადავიხადე. მოკლედ, შედით და გადაამოწმეთ თარიღები, შესაძლოა ძალიან კარგ ვარიანტს გადააწყდეთ. დროა აზიისკენაც ვიფრინოთ ადამიანურ ფასად.

© FB / Around the Worldკუნძული ბალი
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
კუნძული ბალი

საკვები

რაც შეეხება საკვებს, ბალიზე ყველაფერია, ადგილობრივი, ჩინური თუ ევროპული სამზარეულო. ნორმალურ რესტორანში ერთი შესვლა 5-7 დოლარი მიჯდებოდა. გართობაც მოწოდების სიმაღლეზეა, კლუბები და ბარებიც საკმაოდ ბევრია.

და, ბოლოს, მოდი, შევაჯამებ ყველაფერს. ბალის კუნძულს სამოთხეს ნამდვილად ვერ შევადარებ, საერთოდ არ მქონია ის მომენტი, „ვაიმე აქ რა საოცრებაში მოვხვდი“ და „ვაიმე აქედან წასვლა აღარ მინდა“ და მსგავსი. ვინც აზიის ორ-სამ ქვეყანაში მაინც არის ნამყოფი და, მით უმეტეს, თუ ფილიპინების კუნძული პალავანი ან ბორაკაი ან, თუნდაც, ფიფის კუნძულები უნახავს ტაილანდში, მას ვერაფრით გააკვირვებს ბალი. ვისთვისაც პირველი აზიის ქვეყანა ინდონეზიაა და პირველი ტროპიკული კუნძული ბალი, მისი შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, განსხვავებული და გადაჭარბებულია.

© FB / Around the Worldსოსო ნებიერიძე ბალიზე
კუნძული ბალი: როგორ იმოგზაუროთ და რა უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო
სოსო ნებიერიძე ბალიზე

ბალიზე თავს გრძნობ ტურისტად და არა მოგზაურად. ერთადერთი, რითიც ბალი განსხვავდება სხვა ტროპიკული კუნძულებისგან, ეს ტაძრებია, რომელთა გამოც მე პირადად ათასობით კილომეტრს არ ვიფრენდი და ამხელა თანხებსაც არ დავხარჯავდი. ჩემი აზრით, უამრავი უკეთესი ადგილია სანახავი დედამიწაზე. ვფიქრობ, ზედმეტად არის გაპიარებული ეს კუნძული და მეც ამ რეკლამის მსხვერპლი ვარ. რეალურად იმის ნახევარია, რასაც ამბობენ. მოკლედ, ვისაც გინდათ უბრალოდ კარგ სასტუმროებში დაისვენოთ, კარგად გაერთოთ, ლამაზი ფოტოები გადაიღოთ და ასე შემდეგ, კი, ბატონო, ბალი იდეალურია, მაგრამ ვისაც ნამდვილი მოგზაურობა და თავგადასავლები გიზიდავთ, მაინც და მაინც ბალისკენ ნუ გაიქცევით...

 

ყველა ახალი ამბავი
0