ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ტურისტი „ავტოსტოპერი“

© Sputnik / Alex Shlamovტურისტული ზაფხული
ტურისტული ზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისთვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik საქართველოს„ რეპორტიორმა საქართველოში ავტოსტოპით მგზავრობა გადაწყვიტა და მოგითხრობთ მსგავსი თავგადასავლის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მას შემდეგ, რაც რიკოთის უღელტეხილთან ერთ-ერთი ბენზისგასამართ სადგურის წინ ვიდექი და ვყვიროდი ამ თემაზე უნდა დავწერო მეთქი, ბევრმა წყალმა არა, მაგრამ ერთმა პატარა ნაკადულმა კი ჩაიჩუხჩუხა…

და აჰა, მივედი იქამდე, რომ ავიღე ხელში კომპიუტერი გავხსენი ვორდის ფაილი და დავიწყე წერა…

თუ თქვენც ჩვენსავით საქართველოში სტანდარტული მგზავრობა მოგბეზრდათ მიკროავტობუსით, ავტობუსითა თუ მატარებლით, თან ცოტა თავგადასავლებისკენაც მიგიწევთ გული, სცადეთ უფრო საინტერესო, უფრო ეკონომიური გადაადგილების საშუალება  — მგზავრობა ავტოსტოპით. ეს ხერხი ახალი ნაცნობების შეძენისა და ფულის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისათვის დაგჭირდებათ რუკა და მაღლა აბრუნებული ცერა თითი, რომელიც ნიშნავს „გამიყოლე კეთილო ადამიანო, მეც იქით მოვდივარ“.

© Sputnik / Alex Shlamovტურისტი „ავტოსტოპერი"
Туристическое лето или автостопом на запад  - Sputnik საქართველო
ტურისტი „ავტოსტოპერი"

ზაფხულის ცხელი დღეების განწყობას ისე ვერაფერი ამაღლებს, როგორც ახალი შთაბეჭდილებები და ურთიერთობები, მოგზაურობა და დროის საინტერესოდ გატარება. რამდენიმე დღის წინ ჩამონათვალს მეტი მრავალფეროვნებისთვის ავტოსტოპით მგზავრობაც მიემატა.

სულ ცოტა ხნის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ მისი მნიშვნელობა, ღმერთმანი, დავიბნეოდი! მე მხოლოდ შაბლონურ მგზავრობას, „გაჩერებაზე დგომას“ ვარჩევდი და იქაც იმ მოგზაურ ხალხს ვაკვირდებოდი გზას მიყურადებული, მანქანის მოლოდინში რომ არიან.

ჩემი და ავტოსტოპის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისში  უცხოელი მეგობარი მოვინახულე და დასავლეთის მიმართულებით ავტოსტოპით მგზავრობა შემომთავაზა. თუ ოდესმე ინატროთ დაბნეული ჟურნალისტის ნახვა, გირჩევთ დროის მანქანა იქონიოთ და ზუსტად მაშინ შემომხედოთ, როდესაც ეს შემოთავაზება გავიგონე. ცხადია თავში უამრავმა აზრმა გამიელვა, ჯერ კიდევ კატეგორიულ უარზე მყოფ ჩემ თავს ვეკითხებოდი ვინ გაგვიჩერებს, სად წაგვიყვანენ, როგორები იქნებიან, ალბათ „ბოროტები“ შეგვხვდებიან და ტყეში დაგვაბამენ თქო ისიც კი ვიფიქრე. ვაი, რომ დიდად სირცხვილია, ამ „ბჟუტურა“ ფიქრების მეგობრისთვის გამხელა. თვითგვემაზე ბევრი რომ არ ვისაუბრო, ასე რომ ვთქვათ ბოლოს მეგობარმა დამიყოლია „მტკიცე არგუმენტით“: — „ავტოსტოპით მგზავრობის მოყვარულები ამბობენ რომ საქართველოში გადაადგილების ეს ხერხი საკმაოდ პოპულარული და უსაფრთხოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ეს ერთგვარი ექსტრემიცაა, არ იცი როგორ გაგაქროლებს შემხვედრი და რომელი „შოკოლადით“ გაგიმასპინძლდება. ჩანთა აიღე…“

© Sputnik / Alex Shlamovამბობენ, მოგზაურობის ასეთი ხერხი საქართველოში უსაფრთხოაო!
Туристическое лето или автостопом на запад  - Sputnik საქართველო
ამბობენ, მოგზაურობის ასეთი ხერხი საქართველოში უსაფრთხოაო!

…ჩანთა ავიღე და გზას დავადექით.

დიდი ალბათობით ქალაქის ცენტრში არავინ გაგვიჩერებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით თბილისის შემოსასვლელში.

თავიდან დიდი მხიარულებით ვაკვირდებოდი ავტომობილებს და ვარჩევდით ფერებს, მოდელს…

— არა, ამას არ გავყვებით…

— კარგი რა, „მარშრუტკა“ რა საკადრისია…

— მძღოლი არ მომწონს, იბღვირება…

— აი ქალი ზის საჭესთან, მშვენიერია.

ავტოსტოპით მგზავრობისას სასურველია იქონიოთ დიდი დაფა დანიშნულების ადგილის წარწერით. შეიძლება შეამოკლოთ დიდი ქალაქის დასახელებები და დააწეროთ უბრალოდ – „დასავლეთით“ ან „ჩრდილოეთით“. თუმცა, მძღოლებისთვის უკეთესია მაინც კონკრეტული დანიშნულების ადგილის დასახელება მიუთითოთ.

© Sputnik / Alex Shlamovჩაიცვით ისე, რომ შემხვედრთ დადებითი განწყობა შეუქმნათ
Туристическое лето или автостопом на запад  - Sputnik საქართველო
ჩაიცვით ისე, რომ შემხვედრთ დადებითი განწყობა შეუქმნათ

ჩაცმულობას რაც შეეხება სასურველია გეცვათ ღია ან ფერადი ტანსაცმელი, რათა დაანახოთ სხვებს რომ საშიშნი არ ხართ და ამასთანავე ადვილად შესამჩნევი იქნებით. ავტომობილს ხელი მაშინ უნდა დაუქნიოთ, სანამ ჯერ კიდევ შორსაა თქვენგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაგვიქროლოს და უკან დაბრუნება დაეზაროს.

თუ თქვენ მაღალ, ქერა გოგონასთან ერთად ხართ ან თავად ხართ ასეთი, შანსები იმისა, რომ გაგიჩერონ საგრძნობლად იმატებს — ეს ყველა ქვეყანაში ამართლებს!

ჩვენ, მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი პარამეტრების არქონისა, პირველმა ავტომობილმა მაინც გაგვიჩერა… მანქანაში აუცილებლად უნდა გაიღიმო და ისაუბრო, სიჩუმისთვის არავინ გიჩერებს — შორ გზაზე მიმავალ მძღოლებს კომპანიონები უნდათ… ჩავსხედით, ჩემმა მეგობარმა და მძღოლმა საუბარი დაიწყეს.

მათთვის რომ გესმინათ, ქვეყნის მდგომარეობას 5 წუთში შეაფასებდით. მძღოლი, რომელმაც თავი გლეხკაცად გაგვაცნო, საუბრობდა ახალ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ფულის შოვნაზე, მის უქონლობასა და „უქამრო“ პოლიტიკოსებზე…

© Sputnik / Alex Shlamovმძღოლების უმეტესობა შორი გზისთვის საინტერესო კომპანიონებს ეძებს, ამიტომ იყავით ენაწყლიანი მოსაუბრე!
Туристическое лето или автостопом на запад  - Sputnik საქართველო
მძღოლების უმეტესობა შორი გზისთვის საინტერესო კომპანიონებს ეძებს, ამიტომ იყავით ენაწყლიანი მოსაუბრე!

ერთი სიტყვით, შევხდით დალოცვილ მძღოლს და ქვეყნის ჭირ-ვარამზე მოფიქრალ კაცს… გზა გაგვინახევრა. არც ისე საშიში ჩანდა ყველაფერი და არც „ბოროტები“ ჩანდნენ (თუმცა მაინც ველოდი). ჩურჩხელაც კი შემოგვთავაზა საგზლად. საუბრით კმაყოფილმა თავისთავად დაგვლოცა და წარმატებები გვისურვა. ჩვენ ქალაქის ცენტრამდე არ გავყევით, ვინაიდან ქალაქებიდან ავტოსტოპით გამოსვლა არც თუ ისე იოლია და ამიტომ გზაზევე ჩამოვედით.

გზაზე ხშირად შეგხვდებათ სატვირთო ავტომობილები უცხოური ნომრებით. ისინი ყოველთვის შორ გზაზე მიდიან, ამიტომ იღბლიანი ხართ თუ გაგიჩერეს. მათთვის უცხო არ არის რომ მსოფლიო მასშტაბით არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ახალგაზრდების ჯგუფს სხვადასხვა ქვეყნიდან. ადამიანების გარკვეული ნაწილი კი უბრალოდ ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს — ავტოსტოპი მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

შემდეგმა ავტომობილმა 40 წუთის შემდეგ გაგვიჩერა და გაგვაგრძელებინეს გზა პირდაპირ დასავლეთისკენ. იქაურები არ იყვნენ,  მაგრამ ეს ოჯახი დიდი მონდონებით გვიხსნიდა სად იყო სადგური და მნიშვნელოვანი ლოკაციები… ერთი სიტყვით, უსაყვარლეს ოჯახს დავემგზავრეთ და ისინიც ასევე  სახეზე ნათელმოფენით დაგვემშვიდობნენ… „ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან!“

„Sputnik“-ის რეპორტიორმა გადაწყვიტა თბილისიდან დასავლეთ საქართველოში ავტოსტოპით მგზავრობა - Sputnik საქართველო
„ტურისტული ზაფხული“ ანუ ავტოსტოპით დასავლეთისკენ

დასრულდა მოგზაურობაც. გირჩევთ ზოგჯერ ენდოთ მეგობრებს როდესაც რაიმე ექსტრემალურს და მოულოდნელს შემოგთავაზებენ. მეგობრებთან ამის გაკეთება ყოველთვის სახალისო და საინტერესოა.

ზურგჩანთამოკიდებული, შორტებიანი ტურისტი, რომელიც ვარშავიდან თბილისის გავლით ბაქოში მიემგზავრება და ცერაწეული ელოდება გამყოლ ავტომანქანას, საქართველოს გზატკეცილებს თავისებურ, სახალისო ელფერს სძენს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირატესობის გარდა, რაც ძირითადად უფასოდ და სწრაფად გადაადგილებაში გამოიხატება, ავტოსტოპს უარყოფითი მხარეებიც აქვს. შესაძლებელია ტურისტს მოგზაურობა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაუგრძელდეს. ასევე გასათვალისწინებელია უსაფრთხოების საკითხიც – უცნობი ადამიანის მანქანაში ჩაჯდომამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს რისკები. ალბათ უამრავი მხატვრული ფილმი გინახავთ, სადაც ერთი შეხედვით უწყინარი, საბარგო მანქანის მძღოლი უეცრად მანიაკი-მკვლელი აღმოჩნდება. ავტოსტოპერები ირწმუნებიან რომ საქართველოშ მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მომხდარა.

ჩვენ ხომ ყველანი ტურისტები და მოგზაურები ვართ, ვინ იცის, იქნებ ისევ შევხვდეთ იმ ხალხს, ვინც მგზავრობისას დაგვეხმარა და სავსებით შესაძლებელია ამჯერად ჩვენ ვიყოთ საჭესთან… და ბოლოს … ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩავისვამდი ავტომანქანაში მე ჩემს თავს? იფიქრეთ მძღოლის მხრიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0