ქართველი ტურისტის თავგადასავლები და უპირობო არჩევანი აზიის სასარგებლოდ

© photo: courtesy of Lika Mamukashviliლიკა მამუკაშვილი
ლიკა მამუკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ მეგულება ადამიანი, ვისაც ახალი ადგილების, ქვეყნების, ქალაქების ხილვის იბლი არ იზიდავს, ვისაც მოგზაურობა და ახალი აღმოჩენები არ უყვარს. თუმცა ყველა ადამიანის გემოვნება განსხვავებულია - ზოგს მუზეუმები და კულტურული ღირსშესანიშნაობები იზიდავს, ზოგს არატურისტულ უბნებში ხეტიალი და ადგილობრივებთან ურთიერთობა ანიჭებს ბედნიერებას.

ლიკა მამუკაშვილი პროფესიით კინომცოდნეა. მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლიკა ათზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ნეპალში განცდილ შთაბეჭდილებებს დღემდე ვერ დააღწია თავია. აზია მისთვის სხვა სამყარო და სხვა კონტინენტია.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliლიკა მამუკაშვილი
ლიკა მამუკაშვილი - Sputnik საქართველო
ლიკა მამუკაშვილი

— პროფესიით კინომცოდნე ვარ. თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თუმცა ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ამჟამად, მეგობრებთან ერთად ტურისტული კომპანია მაქვს. მართალია, ჯერ ახალბედა ვარ და დიდი ამბიციები არ მაქვს, თუმცა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები და იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევ.

ჩემი ჰობი მოგზაურობის გარდა, ალბათ, წერაა, ოღონდ ისე, ჩემთვის, არასაჯაროდ ვწერ. ასევე, დაინტერესებული ვარ ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის უცნობი მარგალიტების აღმოჩენით. ცოტა რთულია ერთი კონკრეტული რაიმეს თქმა.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliლიკა მამუკაშვილი
ლიკა მამუკაშვილი - Sputnik საქართველო
ლიკა მამუკაშვილი

- პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი?

— პირველად თურქეთში ვიყავი და დიდად არ მომეწონა. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არც თურქეთის გახსენება მინდა. წვიმდა, ციოდა,  იყო ტალახი, ყაყანი…

- რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს სადაც უნდა იმოგზაუროთ? თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ხედები, კულტურა, მუზეუმები თუ სხვა?

— ჩემი აზრით, ყველა ქვეყანას აქვს თავისებური ხიბლი, მინიმუმ ერთი მაინც. მუზეუმები ყველაზე მეტად არ მიყვარს და არასდროს შევდივარ. კულტურას რაც შეეხება, როცა ჩავდივარ რომელიმე ქვეყნაში, ვცდილობ არა ტურისტული ადგილები მოვინახულო, სადაც ძალიან მკვეთრად იგრძნობა კულტურაც და სოციალური მდგომარეობაც. თუ ძალიან გამიმართლა და ადგილობრივს დავუმეგობრდი, ეგ საუკეთესო საშუალებაა, ძალიან კარგად გაიცნო ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ — ეკონომიკური თუ მენტალურ — კულტურული მდგომარეობა.

პრიორიტეტებს რაც შეეხება — არ ვიცი. ეტაპობრივად მოდის სხვადასხვა ქვეყნისადმი ინტერესი. კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს. მქონია შემთხვევა, რომ სრულიად დაუგეგმავი ქვეყნისკენ ამიღია გეზი ინტერნეტში ნანახი რაღაც  ერთი ფოტოს გამო.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliნეპალში მოგზაურობის დროს
ნეპალში მოგზაურობის დროს - Sputnik საქართველო
ნეპალში მოგზაურობის დროს

- თქვენთვის ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

— სადაც უნდა წავიდე, რაც უნდა ვნახო, ნეპალიში ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის. მე ვთვლი, რომ დედამიწა ცალკე პლანეტაა და ნეპალი კიდევ სხვა. ამდენი საოცრება ერთ პატარა ქვეყანაში წარმოუდგენლად დიდ შთაბეჭდილებას გიტოვებს და ვერაფერი გინელებს მერე.  ნეპალში ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ეს არის ბედნიერება. იქ ყველა ბედნიერია, ყველას უყვარხარ, ყველა გიღიმის.. ოღონდ არა იმიტომ, რომ შენ ტურისტი ხარ და შენგან ფულს ელოდებიან — არა, იმიტომ, რომ შენ არსებობ და ცოცხალი ხარ. ეს არის ადგილი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliნეპალში მოგზაურობის დროს
ნეპალში მოგზაურობის დროს - Sputnik საქართველო
ნეპალში მოგზაურობის დროს

- საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით და რატომ?

— ვიცხოვრებდი სინგაპურში. იმიტომ, რომ აზიაა, იმიტომ რომ მოწესრიგებულია, იმიტომ რომ სულ სითბოა, ოკეანეა. გარდა ამისა,  აზიის სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებთან უფრო მარტივად და იაფად მექნება წვდომა, ვიდრე საქართველოდან მაქვს.

- არის ქვეყანა რომელმაც ცუდად დაგამახსოვრათ თავი?

— კი — ბულგარეთი. ყველაზე ცუდი ქვეყანაა ჩემთვის. ხალხისგან მიტოვებულ ქალაქს გავდა სოფია. მე ასე ვიგრძენი თავი. ძალიან არ მომეწონა.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliნეპალში მოგზაურობის დროს
ნეპალში მოგზაურობის დროს - Sputnik საქართველო
ნეპალში მოგზაურობის დროს

- მოგზაურობის დროს შიში განგიცდიათ?

— ზოგადად, როცა მოგზაურობას ვგეგმავ, ყველა რისკს ვითვალისწინებ და შესაბამისად ყველაფრისთვის მზად ვარ. სანამ წავალ, ყველა კუთხე-კუნჭული მინიმუმ გუგლის რუქაზე მაქვს ნანახი, აღარ ვამბობ არაფერს საერთაშორისო ფორუმების განხილვებზე. ამიტომ, ჯერჯერობით არაფერი შემთხვევა არ მქონია, რომელიც შემაშინებდა ან მოულოდნელი იქნებოდა.

- ევროპა თუ აზია?

— რა თქმა უნდა, აზია. მიუხედავად იმისა, რომ აზიის მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ევროპას არასდროს დაესიზმრება. წარმომიდგენია, აზიის სხვა ქვეყნები, რომლებიც კულტურულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი როგორ გამაოცებენ. ევროპა ერთფეროვანია თითქოს, დავარცხნილი, მოწესრიგებული, კანონმორჩილი.  აზიას სულ სხვა მუხტი და სხვა ტემპერამენტი აქვს, რომელიც თითოეულ მაცხოვრებელში იგრძნობა.

© photo: courtesy of Lika Mamukashviliლიკა მამუკაშვილი ლაშქრობისას
ლიკა მამუკაშვილი ლაშქრობისას - Sputnik საქართველო
ლიკა მამუკაშვილი ლაშქრობისას

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— ბევრი თავგადასავალი მქონია, მაგრამ ბოლოს რაც იყო იმას გავიხსენებ — ბარსელონადან გვქონდა ფრენა საღამოს რვა საათზე. მანამდე ქალაქში ერთ-ერთ პარკში ჰამაკი გავშალეთ მე და ჩემმა მეგობარმა და დროის გაყვანის მიზნით, ტელეფონში სურათებს და ვიდეოებს ვათვალიერებდით. მანამდე კი ვიცოდი, ბარსელონაში ქურდობა ჩვეულებრივი ამბავი რომ იყო, ზურგჩანთები ფეხებთან ძალიან ახლოს დავილაგეთ და გავაგრძელეთ დათვალიერება. რამდენიმე წუთში გვესმის ჩანთის მიწაზე ხახუნის ხმა. წამოვყავით თავი ჰამაკიდან და რას ვხედავთ, ჩვენგან დაახლოებით ნახევარ მეტრში ზის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გვერდით უდევს ჩემი მეგობრის ჩანთა, უკვე მოსაპარად გამზადებული. წამით მივასწარით, თორემ უბარგოდ დავბრუნდებოდით სახლში.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ახლო მომავალში ვგეგმავ ისევ ნეპალში წასვლას, ამჯერად ჰიმალაის მთებში, ანაპურნას რეგიონს უნდა ვესტუმრო. ტილიჩოს ტბას კონკრეტულად, რომელიც ზღვის დონიდან 4919 მეტრზე მდებარეობს. ეს არის 16 დღიანი ტრეკი და 16 დღის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბასთან ერთად გადავივლი მსოფლიოში ყველაზე მაღალ უღელტეხილს და ასევე, მსოფლიოში ყველაზე საშიშ გზად წოდებულ მონაკვეთს — სოფელ ბესისაჰარიდან სოფელ ჩამემდე გავივლით. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით აეწყობა.

ყველა ახალი ამბავი
0