კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი 1 აგვისტოს გაიხსნება

გამოწერა
კურორტიდან შესაძლებელია სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე გადასვლა, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბასა და ბეშუმზე

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი საფრთხეებისგან

გოდერძი სამთო-სათხილამურო კურორტია, თუმცა, ის ტურისტებში ზაფხულის პერიოდშიც პოპულარობით სარგებლობს.

უწყების ცნობით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. კურორტიდან შესაძლებელია სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე გადასვლა, მათ შორის, ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე.

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 110 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გასულ წელს კი კურორტს კიდევ ორი მცირე ზომის საბაგირო, 200-მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. კურორტზე მოეწყო 1700 მეტრზე მეტი სიგრძის შიდა გზა და სანიაღვრე არხები, განთავსდა განათების ბოძები.

კურორტ გოდერძიზე ამჟამად სასტუმროს ტიპის ორ და ოთხნომრიანი შვიდი კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0