06:05 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

პარიზში, რომში, პრაღაში, ბარსელონასა და ათენში – ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები დაიწყო

© Sputnik / STRINGER
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
7820

ავიაკომპანია WizzAir-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 200 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ის მეორე თვითმფრინავი A 320 გამოჩნდა, რომელიც განახორციელებს რეისებს პარიზში, რომში, პრაღაში, ბარსელონასა და ათენში, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც რეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. აეროპორტის პრიორიტეტია ქართულ ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა. ლოუკოსტერი WizzAir უკვე ახორციელებს რეისებს 14 ქვეყანაში 20 მიმართულებით.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა პარიზიდან პირველი რეისის განხორცილეების შემდეგ საზეიმო შეხვედრაზე აღნიშნა, მიმართულებები, რომლებსაც WizzAir-ი შეასრულებს, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„გარდა პირდაპირი ფრენებისა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში პირდაპირ ზრდის ტურიზმს და ჩვენს ახალგაზრდებს, და არა მარტო მათ, აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მიმზიდველი ფასებით იმოგზაურონ ევროპაში, ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილები", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, თუ დღემდე WizzAir საქართველოში ახორციელებდა 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციებს, მეორე თვითმფრინავის ბაზირებით კომპანიის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში უკვე 200 მლნ დოლარი იქნება.

„მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიას 70 პირდაპირი და 250 არაპირდაპირი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი და ახალი თვითმფრინავით კიდევ 37 ახალი სამუშაო ადგილი დაემატება", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საქართველოს აეროპორტები 2018 წლის პირველ კვარტალში რეგულარული და არარეგულარული რეისებით მოემსახურნენ 36%-ით მეტ მგზავრს, ვიდრე 2017 წლის ამავე პერიოდში. მგზავრთა რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში 621,2 ათასი ადამიანი შეადგინა.

ქუთაისის აეროპორტმა 2018 წლის პირველ კვარტალში მიიღო 78 ათასზე მეტი მგზავრი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.

მთავარი თემები