Winter in Georgia-ს კლიპი Euronews-ზე ტრიალებს

გამოწერა
საქართველომ უცხოეთში სამთო კურორტების პოპულარიზაციის კამპანია გაააქტიურა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ზამთრის საკურორტო სეზონის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლი Winter in Georgia, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა, ტელეარხ Euronews-ზე გადის.

არხის მრავალმილიონიან აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და მთლიანობაში ქვეყნის კულტურას.

Euronews-ზე სარეკლამო კამპანია 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

საქართველოში სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გააქტიურდა საინფორმაციო კამპანია საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზების მიზნით.

Euronews-ი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისა" და თბილისში ტურის შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებსაც ამზადებს. ასევე თბილისის ტურს მიეძღვნება ვიდეორგოლიც, რომელიც წამყვანი ევროპული ტელევიზიის ეთერით გადაიცემა.

Euronews-ს 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და 155 ქვეყანაში 14 ენაზე მაუწყებლობს.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველო სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის შვეიცარიის გამოცდილებას გაიზიარებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-2018 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებით კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ვიდეორგოლმა Winter in Georgia-მ ლატვიაში ტურისტულ ფესტივალზე Tourfilm Riga მთავარი პრიზი მიიღო. საქართველომ გაიმარჯვა ხორვატიაში Zagreb Tourfilm Festival-ზეც, სადაც ტურიზმის ადმინისტრაციას "სპეციალური პრიზი" გადასცეს. "ვერცხლის ჯილდო" მიიღო აგრეთვე საქართველომ აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალზე Baku International Tourism Film Festival.

ყველა ახალი ამბავი
0