პრემიერი: საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი გულით

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ქართველ მარკეტოლოგებთან შეხვედრისას, რომლებიც კრეატიულობის „კანის ლომების“ ფესტივალზე პრიზებით დაჯილდოვდნენ, განმარტა, თუ რატომ უყვართ საქართველო ტურისტებს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში ტურისტები ჩვენი ხასიათისა და სტუმართმოყვარეობის გამო ჩამოდიან, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კანის საერთაშორისო ფესტივალ „კანის ლომებზე“ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე.

ფესტივალი კანში 17-დან 24 ივნისამდე პერიოდში გაიმართა. წარმატებულ პროექტად ქართული სარეკლამო სააგენტო Windfor`s-ის ნამუშევარი Dinner With Georgia აღიარეს — სარეკლამო რგოლი ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. ეს არის პირველი „ვერცხლის ლომი“ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში.

„ეს არის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი წარმატება. მინდა განსაკუთრებით მივულოცო კომპანია Windfor's-ს. ვფიქრობ, თითოეული ადამიანი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამხელა წარმატებას აღწევს, არის ჩვენი ქვეყნის საპატიო ელჩი — იქნება ეს მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვანი, თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენელი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც აღნიშნულ სარეკლამო რგოლზე მუშაობდა.

„ჩვენ ქვეყანაში არის უდიდესი პოტენციალი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა უნიჭიერესი ხალხით და დიდი გულით; ტურიზმი კი, პირველ რიგში, არის გული და ხასიათი, ანუ ის, რასაც ჩამოჰყავს საქართველოში ამდენი ტურისტი“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონი უცხოელი სტუმრობდა. 2017 წლის იანვარ-მაისის პერიოდში კი საქართველოში 2,3 მილიონზე მეტი უცხოელი იმყოფებოდა, რომელთაგან 981,6 ათასი ტურისტი იყო.

საზეიმო საღამოზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებისთვის — ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ქვეყანაში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AD Black Sea ტარდება.

კანის ლომები - Sputnik საქართველო
საქართველოს წარმატება კანში: რეკლამა ჯესპერზე ორი „ლომით“ დაჯილდოვდა

სარეკლამო რგოლის მთავარმა გმირმა — ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯესპერ ბლექმა გულთბილი მიღებისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ვიდეორგოლში Dinner With Georgia ასახულია საქართველოში 2016 წელს მეექვსმილიონე ჰოლანდიელი ტურისტის ჯესპერ ბლეკის სტუმრობა. რეკლამაში ჯესპერს ხვდებიან როგორც საპატიო სტუმარს: პოლიციის ესკორტის თანხლებით ძვირადღირებული ავტომობილით მიჰყავთ, მისი ფოტო კი ფილარმონიის ეკრანზე ჩნდება. საპატიო სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში სავახშმოდ ეპატიჟება, საიდანაც ღამის თბილისის საოცარი ხედები იშლება.

ვახშამზე ჯესპერს ეროვნულ ცეკვებსა და ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს აცნობენ და ქართული მეღვინეობის ისტორიის მცირე ექსკურსს უტარებენ. შემდეგ ჰოლანდიელი საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს კუთხეში — აჭარაში, კახეთში, მთის კურორტებზე მიდის სამოგზაუროდ და ტკბება ქართული ბუნების, ისტორიული ტაძრებისა თუ ძეგლების სილამაზით. ვიდეორგოლი ბლეკის აღიარებით სრულდება, რომ საქართველოს გაცნობა მის ცხოვრებაში ყველაზე საოცარი თავგადასავალი იყო.

ეს „კანის ლომებზე“ ქართული რეკლამის პირველი წარმატება არ არის. 2015-2016 წლებში კანის კრეატიულობის ფესტივალზე ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone ორჯერ გახდა „ბრინჯაოს ლომის“ მფლობელი.

ყველა ახალი ამბავი
0