ბათუმის ბოტანიკური ბაღი „ვარდების გამოფენაზე" გეპატიჟებათ

გამოწერა
გამოფენის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ ვარდის 11 სახეობა და ყვავილის 100 კულტურული ფორმა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 9 ივნისს ტრადიციული „ვარდების გამოფენა" გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

გამოფენის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ ვარდის 11 სახეობა და ყვავილის 100 კულტურული ფორმა.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, კამელიების, გირჩების, ვარდებისა და ციტრუსების გამოფენები.

პირსი ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან - Sputnik საქართველო
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ზღვით მისვლაც იქნება შესაძლებელი

აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში დენდრარიუმის სტუმრებს ფერადოვანი ღონისძიება ელით — „ჯადოსნური ღამე", რომელიც „იაპონურ ბაღში“ გაიმართება. საღამოზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცემა არა მარტო დატკბეს, არამედ შეიძინოს კიდეც ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მისთვის სასურველი ყვავილი, ისიამოვნოს მუსიკის ჰანგებით და ლამაზი განათებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1880 წელს რუსმა ბოტანიკოსმა და გეოგრაფმა ანდრეი კრასნოვმა დააარსა. ის ოფიციალურად 1912 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1925 წელს ბოტანიკური ბაღი სუბტროპიკული კულტურების – ჩაის, ციტრუსების და ა.შ. განვითარების ძირითად სამეცნიერო დაწესებულებად აღიარეს.

ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი 120 ჰექტარია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური კოლექცია, რომელიც 5 ათას სახეობას ითვლის. ბაღში წარმოდგენილი მცენარეებიდან მხოლოდ 104 სახეობას შეიძლება შეხვდეთ კავკასიაში.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა – ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა.

ყველა ახალი ამბავი
0