მოლაპარაკე სასწორები ტურისტებს ბათუმისკენ უბიძგებს

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის განვითარებისთვის კამპანია დაიწყო.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტების მოზიდვის მიზნით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო — ზღვის გამოსახულებით ბილბორდები და მოლაპარაკე სასწორები თბილისში.

სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქში და თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე შეიძლება იხილოთ ბილბორდები ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით წარწერით „365 კილომეტრი ზაფხულამდე“.

ეს კილომეტრები ბანერებზე ბათუმთან მიახლოებასთან ერთად იკლებს. მაგალითად, გურიის რეგიონში განთავსებულია ბილბორდი წარწერით „125 კილომეტრი ზაფხულამდე“.  

გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით ავტობუსების 11 მოსაცდელი გაფორმდა ზღვისა და მასთან ასოცირებული ნახატებით, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე.

რამდენიმე ავტობუსის გაჩერებაზე კი „ინტერაქტიული სასწორი“ გაჩნდა, სადაც წონის გაგების მსურველებს კრეატიული ფრაზებით აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ.

თავისუფლების მოედანსა და თამარაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე აჭარის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლებს უჩვენებენ.

პანორამული ხედი ბათუმზე - Sputnik საქართველო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2018 წლისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია თბილისიდან დაიწყო და აჭარაში გრძელდება.

ივნისიდან ბათუმსა და ქობულეთში სარეკლამო ბილბორდები გაჩნდება მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების ფოტოებით. აღნიშნული სარეკლამო აქტივობით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მყოფ ტურისტებს, ზღვაზე დასვენების გარდა, მთიან აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ივნისიდან მასშტაბური ონლაინ-სარეკლამო კამპანია დაიწყება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასშტაბურ პიარ-კამპანიას საერთაშორისო ბაზარზე 16 მიზნობრივ ქვეყანაში ახორციელებს — გერმანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, ირანში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, ყაზახეთში, ისრაელში და რუსეთში.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ტურისტების ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთზე მოდის. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ბათუმია.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. მათგან 1,4 მილიონი აჭარაში იყო ჩასული. 2016 წელს აჭარის რეგიონს დასასვენებლად ძირითადად ირჩევდნენ თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ნიშანდობლივად გაიზარდა ტურისტების რიცხვი ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0