თბილისი, 23 მაისი — Sputnik. უამინდობის გამო საზღვაო მიმოსვლა ბათუმსა და სოჭს შორის 22 მაისის ნაცვლად 31 მაისს განახლდება, აცნობა "Sputnik-საქართველოს" კომპანია „ექსპრეს-ბათუმის“ დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.
საზღვაო გადაზიდვები განხორციელდება სწრაფმავალი სამგზავრო, წყალქვეშაფრთებიანი გემი "კომეტით" კვირაში ერთხელ — ორშაბათობით ბათუმიდან, ხოლო სამშაბათობით — სოჭიდან.
"შავი ზღვის სანაპიროზე ახლა ცუდი ამინდია — წვიმს და შტორმია, რომელიც 3-4 ბალს აღწევს. რეისების მაისის ბოლომდე გადადება გვირჩიეს, რადგან "კომეტას" ცუდ ამინდში ცურვა არ შეუძლია", — განმარტა კირცხალიამ.
კარგ ამინდში "კომეტა" გზას 5 საათში ფარავს, მას მაქსიმუმ 114 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიკურად ვითარდება. ტურისტებისთვის ბათუმი დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია.