ბათუმი ტურისტების მოლოდინში იერსახეს იცვლის

გამოწერა
აქტიური ტურისტული სეზონის წინ ბათუმის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბათუმი მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გოგებაშვილის ქუჩიდან, რომელიც ბათუმის ბულვარის გასწვრივ მდებარეობს, განხორციელდა 60-მდე უკანონოდ დადგმული ჯიხურის დემონტაჟი, სადაც სუვენირები იყიდებოდა. შედეგად გათავისუფლდა ველოტრასა და ტროტუარი, სადაც ტურისტები სეირნობას შეძლებენ.

ბათუმის მერიამ მოვაჭრეებს თანამედროვე დიზაინის მქონე ახალი ჯიხურები შესთავაზა, რომლებიც განთავსდება ტურისტულ ზონებში, მათ შორის, ბოტანიკურ ბაღში.

ამასთან ერთად, აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტურისტულ მარშრუტებზე ბილიკების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ასევე მონტაჟდება ვიდეოდაკვირვების კამერები. გარდა ამისა, მოეწყობა სამი დასასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს უფასო WI-FI-თ სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ძველ ბულვარზე ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდა. დაახლოებით ოთხი ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე დარგულია დეკორატიული მცენარეები, მრავალწლიანი ხეები, მათ შორის არის ნეკერჩხლები, იაპონური საკურები, კამელიები, სურნელოვანი ზეთისხილის ხეები და სირიული ვარდები.

ტურისტული სეზონის წინ ქალაქის მასშტაბით გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს. მერია 450 000 ყვავილის ნერგის დარგვას გეგმავს.

დეზინფექციისა და დერატიზაციის სამუშაოები მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე თვეში ორჯერ ჩატარდება.

25 მაისიდან 1 ოქტომბრამდე ბათუმის მერია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების განსახორციელებლად ქუჩების გადათხრას აკრძალავს.

ბათუმის დელფინარიუმში რემონტი მიმდინარეობს. ივლისის თვეში დელფინარიუმში დღეში ორ-ორი შოუ ჩატარდება (ორშაბათის გარდა), ხოლო აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით — სამ-სამი.

2016 წელს საქართველოს 6,3 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 7,6%-ით მეტია. გასულ წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

2016 წელს აჭარას 1,4 მილიონი ტურისტი ესტუმრა.

ყველა ახალი ამბავი
0