რატომ შემცირდა თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაერთაშორისო ტურისტული გამოფენა
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის აპრილში თურქეთიდან საქართველოში 93 738 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.2%-ით ნაკლებია.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. აპრილში თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება ამ მეზობელ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირდება, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას.

"ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ ბოლო დროს თურქეთში ისეთი პოლიტიკური პროცესები განვითარდა, რომლებმაც გაართულა მოქალაქეების ცხოვრება. ისიც ცნობილია, რომ ბოლო დროს თურქეთში მილიონობით ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან, რის შედეგადაც უამრავ მათგანს ფინანსური პრობლემები შეექმნა. თუმცა, ამავე დროს თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობის 19,2%-ით კლება საგანგაშო მაჩვენებლად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს", — აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტის თქმით, პოლიტიკას ისიც ემატება, რომ ბოლო დროს თურქებს პრობლემები ბიზნესშიც შეექმნათ. რაც შეეხება საქართველოს, ჭარაიას აზრით, აქ არ ჰქონია ადგილი ისეთ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მოვლენებს, რაც თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობას შეამცირებდა.

"თუმცა თურქეთი მაინც რჩება ყველაზე დიდი დენადობის მქონე ქვეყნების ექვსეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ მიდინარე წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა მთლიანობაში გაზრდილია", — განაცხადა ჭარაიამ.

2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2%-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, სულ ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, იგი 736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 26,9%-ით მეტია.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+13,2%), აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-19,2%), რუსეთიდან (+16,5%), უკრაინიდან (+27,2%) და ირანიდან (+183,9%) განხორციელდა.

ასევე პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა და ბულგარეთი (შესაბამისად 43%, 30%, 30%, 26%, 25% და 22%), ახლო აღმოსავლეთიდან — ისრაელი (67%), შუა აზიის ქვეყნებიდან — ყაზახეთი (18%), უზბეკეთი (190%), თურქმენეთი (113%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან — ბელორუსია (28%) და მოლდოვა (7%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტების 17%-იანი ზრდა.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0