თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველო და მეღვინეობით განთქმული კახეთი მსოფლიოს იმ 12 მხარეს შორის მოხვდა, რომლებიც განთქმულია ღვინის ტრადიციებით და რომლებსაც 2017 წელს აუცილებლად უნდა ესტუმროთ, ნათქვამია Forbes-ის ერთ-ერთი ავტორის ლორენ მოვერის მასალაში, რომელიც ღვინის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.
მოვერიმ თავისი მოგზაურობა შარშან, იანვარში დაიწყო, შემოიარა ღვინის 12 რეგიონი და თითოეულ მათგანს ერთი თვე დაუთმო. საქართველოს მოვერი მაისში ესტუმრა. მისი სიტყვებით, მან აქამდე ნაკლებად შეფასებული ადგილები მოინახულა, თუმცა ამ ადგილებს შეუძლიათ წარმოადგინონ მაღალი ხარისხის ღვინო, შესანიშნავი კერძები, მაცდური დეკორაციები და, ასევე, გაგაკვირვონ სტუმართმოყვარეობით.
„კავკასიონის ძირში მდებარე კახეთი უმთავრესი რეგიონია, რომელიც მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში – ქვევრში ღვინის დაყენებითაა ცნობილი. გემრიელი საჭმელი ამ ადგილის მონახულების სტიმულს კიდევ უფრო აძლიერებს“, — წერს მოვერი.
საქართველოს გარდა მოვერი ესტუმრა სამხრეთ ჩილეს (რეგიონები იტატა და ბიო ბიო), ახალ ზელანდიას (ჰოქს-ბეი), არგენტინას (სალტა), ესპანეთს (რიბეირა საკრა და ვალდერასი), შვეიცარიას (გრაუბიუნდენი), კანადას (ონტარიო), აშშ-ის შტატებს — ორეგონსა (როგი და ეპლგეიტ ველი) და კალიფორნიას (ანდერსონ ველი), საფრანგეთს (კორსიკა), იტალიასა (ალტო პიემონტი) და სამხრეთ აფრიკას (სვორტლენდი).