ფანჯიკიძე: თუ გინდა შენი შვილი ძლიერ პიროვნებად აღზარდო, არ დასცინო მის გამოთქმულ აზრებს

© photo: Natia Panjikidze / FBნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს „აუცილებლად წასაკითხი“ წიგნები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ღრმა, მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გვაწვდიან.

ასეთი წიგნების რიცხვს მიეკუთვნება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის წიგნი „შიშო, გამოდი გარეთ“, რომელიც აერთიანებს ავტორის ჩანაწერებს, ბლოგებს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: თვითშეფასების პრობლემა, ადამიანური ურთიერთობები, დეპრესია, შიში, შფოთვა, სიყვარული და ა.შ. გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდს, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას შეეხება. სადაც ავტორი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და ინდივიდუალური.

„ხშირად მშობლის ცდუნებაა – ის თვისებები აღზარდოს ბავშვში, რაც მას თავადაც არ გააჩნია, პირად მაგალითსაც ვერ აძლევს ბავშვს და ავიწყდება, რომ ჯერ თავისი თავი ვერ აღზარდა ისე, რომ თვითკმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს და მაინც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სხვისი აღზრდა უფრო იოლია.

ბავშვი წერის დროს - Sputnik საქართველო
ნევროლოგი: კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა

ერთხელ ჩემი ახლობლის ჩხუბს შევესწარი თავის 7 წლის ბავშვთან: „გააჩუმებ ენას?“ – ბოლო სიტყვისთვის იბრძოდა დედა.

„აბა, ვცადოთ, აი, შენ, ამხელმა ქალმა შეძელი და გაჩუმდი ცოტა ხანს“ – შევთავაზე. გაუჭირდა, ვერ გაჩუმდა, მაგრამ აღიარა, რომ მეტს ითხოვდა ბავშვისგან, ვიდრე ეს გონივრულია.

არ დაგავიწყდეთ: ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერი პასუხი გამომდინარეობს იქიდან, რა არის თქვენი სურვილი, როგორი პიროვნების აღზრდა გსურთ. თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში მის მიერ გამოთქმულ აზრს, არ დაუწუნოთ ნამუშევარი, არ დაუწუნოთ არც გემოვნება, მიეცით უფლება ისე ეცვას, როგორც მოსწონს, მიუხედავად იმისა, სულელურად გეჩვენებათ მისი ჩაცმულობა თუ არა.

არ დაუწუნოთ მუსიკა, რომელსაც უსმენს, წიგნი, რომელიც იტაცებს. ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ არჩევანი შესთავაზეთ, ბევრი რამ დაათვალიერებინეთ, აჩვენეთ, ესაუბრეთ, მაგრამ არ მოახვიოთ თავს თქვენი აზრი, გადაწყვეტილება ყოველთვის თავად მიიღოს.

თუ გინდათ გურმანი იყოს, არ დააძალოთ საკვების მიღება, ამ დროს ბავშვს არაცნობიერი პროტესტი უვითარდება და „კრიჭა ეკვრება“.

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

თუნდაც უფრო ნაზი ძალადობა – „დედის ხათრით ჭამე, ერთიც მამიკოსი“ რომ განვიხილოთ, სერიოზულად გიფიქრიათ ამ ფრაზებზე? ან თქვენი ქცევის ნამდვილ შინაარსზე, ფარული ძალადობით და სხვისი პყრობის სურვილით რომაა გამსჭვალული? – „ჩემი ხარ, რასაც მინდა გაჭმევ, რასაც მინდა ჩაგაცმევ, მე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის საჭირო და კარგი, არ მაინტერესებს, რამდენად სასიამოვნოა ჩემი სიკეთე შენთვის“.

– ბავშვში კი რა ხდება? ხათრი, ცხადია, უკეთესი ვარიანტია იმ კატასტროფული „მესიჯისგან“ განსხვავებით, „გუდიანი კაცი“ რასაც შეიცავს, როცა ბავშვში შეყვანილია შიშის გამო მორჩილების კოდი, თუმცა ხათრით მორჩილებაც ასევე გამოუსწორებელ კონფორმისტს გაზრდის. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალით იმის ჭამა, რაც არ გინდა, უსიამოვნებად აქცევს ამ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო საქმიანობას და შემდგომში ზოგადად ცხოვრებისთვის „გემოს ჩატანების“ უნარს დააბლაგვებს.

თუ გინდათ პატივისცემა ასწავლოთ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის მიმართ, ნუ შეეჭრებით სულში, მიეცით საშუალება, ჰქონდეს თავისი დაცული კუთხე, სადაც თქვენ არასდროს „დაულაგებთ“ ნივთებს თქვენი შეხედულებისამებრ.

ბავშვები მინდორში - Sputnik საქართველო
„უსაფრთხოების აკადემია“ გირჩევთ: ოთხი წესი, რომელიც ბავშვებს საშიში უცნობებისგან დაიცავს

ნურასდროს გააჩუქებთ მის სათამაშოს ან ნივთს მასთან შეუთანხმებლად. თუ გსურთ ცხოვრებაში უმწეოდ არ გრძნობდეს თქვენი შვილი თავს და მზად იყოს ყოველგვარი სირთულის დასაძლევად, არასდროს გააკეთოთ მის მაგივრად ის, რისი გაკეთებაც უკვე თვითონ შეუძლია. არც ზედმეტი ყურადღებით შეზღუდოთ მისი ფუნქციური განვითარება და არც უყურადღებობით აგრძნობინოთ თავი დაუცველ არსებად, რომლის ბედი ნაკლებად გაინტერესებთ. შვილი უნდა გრძნობდეს ზრუნვას და მხარდაჭერას თქვენგან, მაგრამ არა აგრესიულ, ვამპირულ ლტოლვას, რომ მის მაგივრად გსურთ გაიაროთ მისი ცხოვრება.

ყველა უხერხულ კითხვაზეც კი ბავშვს უპასუხეთ გულახდილი და ნამდვილი პასუხი, არა მიკიბულ-მოკიბული, არა ტყუილი, უბრალოდ მისი ასაკის შესაბამისად შერჩეული სიტყვებითა და მოზომილი განცდით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ღირსია – პასუხობდნენ სერიოზულად.

ნუ წაუყენებთ შვილს თქვენს წარმოსახვასა და სურვილებში არსებულ ზედმეტ მოლოდინს, ვერგამართლების, ვერმიღწევის შემთხვევაში ხელმოცარულის ფსიქიკა განუვითარდება. ეს კი მომდევნო წარმატებებშიც ხელს შეუშლის.

პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა: მარტივი რეკომენდაციები ფსიქოლოგებისგან

ნურც იმას შთააგონებთ, რომ მას ბევრი არაფერი შეუძლია. პირიქით, იცოდეს, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს. მაგრამ მთავარი ისაა, იმას მიაღწიოს, რაც მას სურს და დამატებით იარაღად ერთი რამის კეთება მაინც ისწავლოს კარგად, რაც ნებისმიერ დროს გადაარჩენს და ულუკმაპუროდ არ დატოვებს. რა საქმიანობაც უნდა იყოს ეს, მთავარია, აკეთოს ხალისით, ღირსების გრძნობით და არა უკიდურესი აუცილებლობისგან გამოწვეული ტანჯვით.

თუ გსურთ ლაღი იყოს თქვენი შვილი, გარდა სასარგებლო გაფრთხილებისა, რომ არ უნდა დაიწვას ხელი უთოზე, არ გადავიდეს გადასასვლელზე არასწორ ადგილზე და სხვ., ნუ ჩადებთ ბავშვში თქვენს შიშებსა და შფოთვას. ნუ გაუჩენთ უნდობლობას სამყაროს და ადამიანების მიმართ.

ვინც უღიმის სიცოცხლეს, ის უკანაც იღებს საპასუხო ღიმილს ყველასგან და ყველაფრისგან.

ეს არ გახლავთ რჩევები. ეს მსუბუქად განხილული უბრალო სიტუაციები და ვარიანტებია, რაც, შესაძლოა, დაემთხვეს თქვენს სურვილებსა და კითხვებს და ოდნავ სასარგებლო გამოდგეს ვინმესთვის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0