არომათერაპია საკუთარი ხელით: როგორ შევქმნათ სურნელი განწყობისა და ჯანმრთელობისათვის

CC0 / Pixabay / არომათერაპია
არომათერაპია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეთერზეთებით მდიდარი არომატული მცენარეები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ინტერიერის დიზაინში – როგორც ეფექტური სამკურნალო არომათერაპიული და ჰაერის გამწმენდი ბუნებრივი საშუალებები.

ადამიანის ტვინი გარემოს არომატებით იმახსოვრებს. სწორედ არომატი ქმნის პირველ შეგრძნებას, განსაკუთრებით, დახურული სივრცის აღქმისას. არავინ დავობს, რომ ნებისმიერი სახლისა თუ შენობის ინტერიერს ჰაერში უჩვეულო და სასიამოვნო არომატები მეტ სიმყუდროვეს და სინატიფეს სძენს.

თუ გინდათ სახლში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი იდგეს, საკუთარი ხელით შექმენით სასურველი არომატიზატორი. მცირედი ძალისხმევა და რამდენიმე წუთი ნამდვილად ღირს იმად, რასაც შედეგით მიიღებთ. სასიამოვნო არომატი აგიმაღლებთ განწყობას, გააქრობს სახლში უსიამოვნო სუნს, დაგიცავთ მწერებისგან და, რაც მთავარია, აბსოლუტურად უვნებელი ბუნებრივი არომატიზატორები ემოციურ წონასწორობას და ჰარმონიას შემოიტანს თქვენს ოჯახში.

მაშ ასე, დავიწყოთ:

არომატული „ტომსიკა-საშე“

არომატული ტომსიკა, იგივე „საშე“ - ეს არის არომატული მცენარეებით ამოვსებული პატარა ბალიში, ან ტომსიკა, რომელსაც უხსოვარი დროიდან იყენებენ შენობებში ჰაერის გასაწმენდად. დღეს ბევრგან შეხვდებით განსხვავებული სურნელის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ასეთ ტომსიკებს. სხვა არომატიზატორებისგან განსხვავებით ტომსიკების პოპულარობას ჯანმრთელობისათვის უვნებელი ჰიპოალერგიული შიგთავსი განაპირობებს.

როგორ გავაკეთოთ „ტომსიკა-საშე“

უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის, აბრეშუმის, სელის, ბამბუკის, ჯვალოს და სხვა ბუნებრივ ქსოვილებს. შეკერეთ თქვენთვის სასურველი ზომის და ფორმის ტომარა. სურვილის შემთხვევაში გააფორმეთ ორნამენტებით, მძივებით, ნაქარგებით, ლენტებით. ტომსიკა ამოკერეთ სამ მხარეს, ამოავსეთ შიგთავსით და მეოთხე მხარეც ამოკერეთ, ან თავი თოკით მოუკარით. გაითვალისწინეთ, არომატული ტომსიკა დიდი ხნით არ ინარჩუნებს არომატს და 3-5 თვის შემდეგ მისი შიგთავსი ახლით უნდა შეცვალოთ.

არომატული ტომსიკის შიგთავსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:

ციტრუსების მშრალი ქერქები;

ლავანდის, ვარდის, მელისას, პიტნის, ნემსიწვერას, მიხაკის, ჟასმინის და სხვა არომატული ეთერზეთოვანი მცენარეების მშრალი ყვავილები და ფოთლები;

ნებისმიერი მშრალი ბოჭკოვანი მასა (ბამბა, მატყლი), რომელზეც უნდა დაასხათ ლავანდის, ლიმნის, როზმარინის, ვარდის, ან სხვა მცენარის არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი;

სხვადასხვა სანელებელი: ვანილის ჩხირები, ანისული, მიხაკი, დარიჩინი, ბადიანი, ჯავზი და სხვ. გაითვალისწინეთ: ამ შემთხვევაში შიგთავსის მასა ტომსიკის მთლიან მასაზე ნაკლები უნდა იყოს მათი ინტენსიური და მძაფრი არომატის გამო;

მზა არომატული ტომსიკები ჩაყარეთ მოწნულ კალათში, დაკიდეთ კედლებზე, რაც ნაზი ნელსურნელებით აავსებს ოთახს. დაიწყვეთ თავთან, ან თავქვეშ – თქვენი მშვიდი ძილის გარანტი იქნება. დაალაგეთ კარადაში – ებრძვის ჩრჩილს, იცავს და ნაზ, სასიამოვნო სურნელს სძენს ტანსაცმელსა და თეთრეულს.

არომატული ქვები

არომატული ქვები თანამედროვე ინტერიერის ისეთი აუცილებელი დეტალი გახდა, რომელიც ყურადღებას იქცევს, უჩვეულო და მიმზიდველი არომატით ჟღენთს ჰაერს და ხაზს უსვამს გემოვნებით მოწყობილი სახლის ნატიფ ინტერიერს.

არომატული ქვების გაკეთება დიდ დროს არ წაგართმევთ და საკმაოდ მარტივია. ამისთვის დაგჭირდებათ:

ფქვილი - 600 გ;

მარილი - 1 კგ.;

კარტოფილის, ან სიმინდის სახამებელი - 5 სუფრის კოვზი;

სხვადასხვა ეთერზეთები - სურვილის მიხედვით;

საკვები, ან სამხატვრო საღებავები (შეიძლება გუაშიც).

ერთმანეთს აურიეთ მარილი, სახამებელი და ფქვილი. საღებავი გახსენით წყალში, ჩაასხით ფქვილიან ჭურჭელში და მოზილეთ მკვრივი ცომი. მიღებული მასა გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე და ამოჭერით ფორმები, ან დაყავით მცირე ნაწილებად და გააკეთეთ სასურველი ფორმის ფიგურები. თითეულ ასეთ „ქვაზე“ დაასხით თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 2-3 წვეთი. როცა ქვები გაშრება, ააწყვეთ კომპოზიციები და დატკბით არომატული ფერადი ქვების სილამაზითა და სურნელით. დროთა განმავლობაში ქვების არომატი შესუსტდება. არ იჩქაროთ მათი გადაყრა. განაახლეთ – ხელახლა დაასხით რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და კვლავ დატკბით მათი არომატით.

არომატული ჩხირები

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში არანაკლები ადგილი უკავია არომატულ ჩხირებს, რომლის გაკეთებაც ასევე შეგიძლიათ საკუთარი ხელით. ამისთვის დაგჭირდებათ:

15-30 სმ სიგრძის ხის ჩხირები (გამოიყენეთ ბამბუკის ჩხირები, ან ხის შამფურები);

სასურველი ზომის და ფორმის შუშის ქილა ან ლარნაკი (მთავარია იყოს ვიწროყელიანი);

მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის, დეზოდორირებული);

სასურველი ეთერზეთი, ან ეთერზეთების ნარევი;

სპირტი.

მცენარეულ ზეთში აურიეთ ერთი ან რამდენიმე ეთერზეთი (100 მლ მცენარეულ ზეთზე ოპტიმალურია 25 წვეთი ეთერზეთი. უფრო მძაფრი და ინტენსიური არომატისთვის შეგიძლიათ ეთერზეთის რაოდენობა გაზარდოთ). დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი სპირტი და კარგად აურიეთ. მზა არომატული ნარევი ჩაასხით ქილაში, ჩააწყვეთ ხის ჩხირები და დადგით სასურველ ადგილზე (ქილაში ჩასხმული ზეთი უნდა ფარავდეს ხის ჩხირის სიგრძის 1/3).

თუ გსურთ, რომ არომატულ ჩხირებს დიდხანს გაჰყვეს სასიამოვნო სურნელი, ქილაში პერიოდულად ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.

ჟელესებური არომატიზატორი

დაგჭირდებათ:

ჟელატინი - 20 გ;

წყალი - 300 მლ.;

გლიცერინი - 25 გ;

ეთერზეთები - 10-15 წვეთი;

სასურველი ფერის საღებავი;

გამჭირვალე, ლამაზი ქილა.

ჩაყარეთ ჟელატინი წყალში და გააჩერეთ 50-60 წთ. მთლიანად რომ გაიხსნება, გაათბეთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე. დაუმატეთ საღებავი (შეიძლება გუაშიც) და დაელოდეთ გაცივებას. ოდნავ თბილს დაუმატეთ გლიცერინი, ეთერზეთები და კარგად აურიეთ. ჟელატინის მასა გადაიტანეთ დეკორატიულ ქილაში და თქვენი არომატიზატორიც მზად არის.

უფრო მარტივი დასამზადებელია ჰიდროგელიანი არომატიზატორი, რომლისთვისაც მხოლოდ ჟელეს ბურთები (თავისუფლად ნახავთ მაღაზიებში) და სასურველი ეთერზეთები დაგჭირდებათ.

ჟელეს ბურთები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით წყალში გახსნილი ეთერზეთები (ერთ პაკეტზე 10-15 წვეთი), კარგად მოურიეთ და დატოვეთ 12 საათი. პერიოდულად ურიეთ. ამ ხნის განმავლობაში ეთერზეთები წყალთან ერთად ბურთებში შეიწოვება. გაბერილი ბურთები გადაიტანეთ დეკორატიულ ქილაში და არომატიზატორიც მზად არის. 

დროთა განმავლობაში ჟელეს ბურთები მოცულობაში იკლებს და კარგავს არომატს, ასეთ დროს განაახლეთ – დაამატეთ წყალში გახსნილი ეთერზეთები.

არომატიზატორების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: სახლში რომ ყოველთვის სასიამოვნო სურნელი იდგეს, უნდა გამოიყენოთ ყველა ოთახისთვის ერთი და იგივე არომატიზატორი. თუ არომატიზატორად რამდენიმე ეთერზეთის გამოყენება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ნარევის შემადგენლობას, რათა სასიამოვნო სურნელის ნაცვლად მძაფრი და შემაწუხებელი არომატით არ გაჟღინთოთ ჰაერი. მაგალითად, ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს ლიმონი და ლავანდა; ვარდი და ჟასმინი; მიხაკი და როზმარინი; ლიმონი, სოჭი და ბერგამოტი; ლიმონი, პიტნა, მიხაკი და სოჭი. 

ჰაერის გაწმენდასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ეთერზეთების არომათერაპიული მოქმედება. სწორედ ამ მიზნით გამოიყენება არომატული ტომსიკები. მაგალითად:

პიტნა - ხსნის დაძაბულობას, ამაღლებს განწყობას, ხსნის ნერვულ აშლილობას და დეპრესიას. პიტნის არომატულ ბალიშებს უხსოვარი დროიდან იყენებენ ძილის მოსაწესრიგებლად, ხელს უწყობს მეხსიერების გააქტიურებას გონებრივი გადაღლილობის დროს.

ჯავზი - შველის უძილობას და თავის ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამაღლებს განწყობას. ჯავზის არომატი აფრთხობს ხოჭოებს და ჩრჩილს. 10-15 წუთში უკვალოდ აქრობს ალკოჰოლის სუნს.

ვანილი - ამაღლებს სასიცოცხლო ძალებს, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს და ქმნის სულიერი კომფორტის განცდას, ამშვიდებს ნერვულ და ფსიქიკურ აშლილობას, აწესრიგებს ძილს, აქვს მატონიზირებელი მოქმედება.

როზმარინი - ამაღლებს განწყობას, აქრობს თავის ტკივილს, თავბრუს ხვევას, ებრძვის ნერვულ აშლილობას, აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

კოთხუჯი - აღადგენს ენერგიას და შინაგან ძალებს, ხსნის სტრესს და ფსიქიკურ დაქანცულობას, აუმჯობესებს მეხსიერებას.

უსუპი - აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება.

ანგელოზა - შველის უძილობას და შაკიკს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

პაჩული - ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედების არომატი ხსნის განგაშის და დეპრესიულ განცდებს, ამშვიდებს მღელვარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს და ატონიზირებს ორგანიზმს.

გამოიყენეთ სხვადასხვა არომატული ზეთები ინტერიერის დიზაინში და გახადეთ თქვენი სახლის სივრცე უფრო მიმზიდველი, მყუდრო, კომფორტული და არომატული, თქვენი განწყობა კი – უფრო ამაღლებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0