10:02 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დიაბეტის განსაზღვრა სისხლში

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე - რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე

CC BY 2.0 / Ficr / Victor / Diabetes Test
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
308 0 0

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და იგი ყოველ წელს 14 ნოემბერს აღინიშნება.

დიაბეტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს დაემართოს. ეს დაავადება ხომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სენია ჩვენს დროში. ის ძალზე საშიში და ვერაგია, რადგან ადამიანს ერთი შეხედვით არაფერი აწუხებს, მაგრამ დროთა განმავლობაში აზიანებს შინაგან ორგანოებს, ხშირად მივყავართ სხვადასხვა გართულებასთან, ამპუტაციასთან, სიბრმავესთან და, შესაძლოა, ფატალურ შედეგთანაც კი.

თუ რა დაავადებაა დიაბეტი და როგორ ებრძვიან მას მსოფლიოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოოგის კათედრის პროფესორი ნინო ჩარკვიანი გევსაუბრა.

პროფესორი ნინო ჩარკვიანი
პროფესორი ნინო ჩარკვიანი

— ამჟამად მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულია 382 მილიონი ადმიანი, 2030 წლისთვის ელოდებიან 50 პროცენტით მატებას. დიაბეტს იწვევს ცხოვრების არაჯანსაღი, უძრავი ცხოვრების წესი, მავნე საკვები პროდუქტები, რაფინირებეული ნახშირწყლები, შოკოლადი, შაქარი, ცომეული  და ა.შ.

შაქრიანი დიაბეტი არსებობს ორი ტიპის — ტიპი ერთი და ტიპი ორი. ტიპი ერთი არის შემთხვევა, როდესაც ინსულინი სრულიად არ გამოიყოფა ორგანიზმში. ტიპი ორის დროს გამოიყოფა ინსულინი და შესაძლოა ჭარბი რაოდენობითაც, თუმცა ორგანიზმის უჯრედები ვერ აღიქვამენ მას. ტიპი ერთი  გავრცელებულია უფრო მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში 30 წლის ასაკამდე. ხოლო ტიპი ორი უფრო ხანში შესულ ასაკში — 40 წლის ზემოთ. ტიპი ერთი მიდის სწრაფი წონის კლებით, ძლიერი საერთო სისუსტით, ხოლო ტიპი ორი უფრო შემპარავად იწყება, ჭარბი წონის ფონზე. ხშირ შემთხვევაში ამ დროს არ არის სიმპტომები და შესაძლოა დიაბეტი უკვე გართულებულ სტადიაში აღმოვაჩინოთ.

- რა შეიძლება იყოს დიაბეტის გამომწვევი მიზეზი?

— ძირითადად გენეტიკური ხასიათის არის ეს დარღვევები. ტიპი ერთის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორსულობის პერიოდში დედა იყოს ჯანმრთელი, არ ჰქონდეს ვირუსული ინფექცია, ორსულობა მიმდინარეობდეს მშვიდ გარემოში, რადგან ემბრიოგენების დროს, როდესაც ნაყოფის ჩამოყალიბება მიდის, შესაძლოა მოხდეს ისეთი ცვლილებები ქრომოსომებში, რომელიც განაპირობებს შემდგომში ტიპი ერთის დიაბეტის განვითარებას. ტიპი ორის შემთხვევაში, ოჯახურ ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა მეორე, ან მესამე რიგის ნათესავებში არის ხოლმე შაქრიანი დიაბეტი, დიდი ალბათობაა იმისა, რომ გამომჟღავნდეს შემდეგ შთამომავლობაში. ტიპი ორის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონასაც. შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ არის ქალი, რომელიც შობს ოთხ კილოზე მეტი წონის ნაყოფს.

- ორსულობის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს დიაბეტი?

— ორსულობის დროს არსებობს ორსულთა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ცალკე კლასიფიკაციად არის გამოყოფილი და სწორედ ამიტომ წესით და რიგით გლუკოზის დატვირთვის სინჯს უტარებენ ხოლმე ორსულს, ეს გაიდლაინით არის გაწერილი, რათა ნახონ დარღვეული ხომ არ არის ნახშირწყლოვანი ცვლა. არის ორსულთა დიაბეტი, რომელიც ორსულობის დროს მჟღავნდება, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ალაგდება. თუმცა ამ ქალბატონს შემდეგში აქვს რისკი, რომ მეორე ტიპის დიაბეტი განუვითარდეს. ამიტომ საჭიროა პერიოდულად ჩაიტაროს გამოკვლევები. ამავე დროს დაიცვას ცხოვრების ჯანსაღი წესი, რათა შემდგომში არ ჩამოყალიბდეს შაქრიანი დიაბეტი.

- მითია თუ რეალობა, როცა ამბობენ, რომ შიშის გამო შესაძლოა გაჩნდეს დიაბეტი?

— შიში ეს არის ნერვული სტრესი. ამიტომ სრულიად შესაძლებელია ის დიაბეტის ჩამოყალიბების ხელის შემწყობი მექანიზმი იყოს. თუმცა ორგანიზმის წინასწარ განწყობა რასაკვირველია ამ დროს უნდა არსებობდეს. შიში და სტრესი ბევრს აქვს, მაგრამ დიაბეტი არ ემართებათ. თუკი დიაბეტის მიმართ ორგანიზმში არის განწყობა, მაშინ შიში არის დიაბეტის ჩამოყალიბების ხელშემწყობი. შიშის და ნერვული სტრესის დროს გამომუშავდება ორგანიზმში დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონები: კორტიზოლი, ნორადრენალინი და ა.შ, რომლებმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს გამოვლინებას.

- რამდენად კონტროლირებადი დაავადებაა დიაბეტი და როგორ უნდა მართოს ის ადამიანმა?

— იყო ასეთი გამონათქვამი, შაქრიანი დიაბეტი არ იქნება დაავადება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. მეორე ტიპის დიაბეტი არის აბსოლუტურად კონტროლირებადი დაავადება, რომლის დროსაც, თუ არის კარგი ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, შესაძლებელია, რომ გლუკოზა ნორმის ფარგლებში ჩადგეს. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება და მისი გაქრობა შეუძლებელია, თუმცა ადამიანს შეუძლია ისე იცხოვროს, რომ არანაირი გართულება არ განვითარდეს. ასევე მართვადია ტიპი ერთი. თუმცა იქ აუცილებელია ინსულინთერაპია. ორივე ტიპის დიაბეტით ცხოვრება ხანგრძლივად არის შესაძლებელი, ყოველგვარი გართულებების გარეშე, თუ კი ადამიანი ამას მოინდომებს.

- თუ დიაბეტით დაავადებული ადამიანი არ იცავს ამ ძირითად კრიტერიუმებს, რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამას?

— სამწუხაროდ გართულებები არის სავალალო. გართულებები შეიძლება იყოს თვალის მხრივ, ეს არის დიაბეტური რეტინოპათია, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ სიბრმავემდე. შესაძლოა განვითარდეს  თირკმლის გართულება, რა დროსაც ფიქსირდება თირკმლის უკმარისობა. ამ დროს ერთადერთი გამოსავალია თირკმლის გადანერგვა და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. აგრეთვე, დიაბეტური ნიეროპათია, რომელსაც მივყავართ კოჭლობამდე, შესაძლოა განვითარდეს დიაბეტური განგრენა და კიდურის მოკვეთამდე მივიდეს საქმე. ასევე უნდა გითხრათ, რომ გართულება არის გულის მხრივ, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ. მიოკარდიუმის ინფარქტი არის შაქრიანი დიაბეტით სიკვდილიანობის პირველი და ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი, ვინაიდან ამ დროს არ არის ტკივილის შეგრძნება დიაბეტური ნეიროპათიის გამო და შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ყრუდ, ტკივილის გარეშე და დაიღუპოს პაციენტი ყოველგვარი გამოვლინების გარეშე. ძალიან მძიმე გართულებას  წარმოადგენს თავის ტვინის იშემიური ინსულტი, ვინაიდან ამ დროს, მიოკარდიუმის ინფარქტის დროსაც და ინსულტის შემთხვევაშიც იხშობა მაგისტრალური სისხლძარღვები, გულის კუნთის და ტვინის სისხლით მომარაგება აღარ ხდება და ვითარდება ასეთი მძიმე გართულებები.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა მის თვალწინ დიაბეტით დაავადებული ადამიანი ხდება ცუდად? რა პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოს?

— სასურველია უახლოეს კლინიკაში მიიყვანოს. თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა ჰკითხოს, ხომ არ გრძნობს ის ჰიპოგლიკემიას, რადგან შესაძლებელია ცუდად გახდომის მიზეზი იყოს დაბალი შაქრის მაჩვენებელი სისხლში. ამ დროს გამოხატულია ოფლიანობა. შესაძლებელია თავად პაციენტმაც განიშნოს ამის შესახებ. თუკი პაციენტს თან აქვს გლუკომეტრი და დადგინდება, რომ ეს არის შაქრის დაქვეითება, მაშინ უნდა მიაწოდოს რაიმე ტკბილი საკვები, ან უბრალოდ საკვები, ტკბილი სასმელი და ა.შ. ამის შემდეგ გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან სასწრაფოდ წაიყვანონ უახლოს კლინიკაში.

- რა სიმპტომებით გამოიხატება დიაბეტი? როგორ უნდა იეჭვოს ადამიანმა, რომ დიაბეტი აქვს?

— ეს არის პირის სიმშრალე, გაძლიერებული და გახშირებული შარდვა, კანის სიმშრალე, სასქესო ორგანოების მიდამოში ქავილი, შესაძლებელია იყოს გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით ჩირქოვანი, ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადება, რადგან, როდესაც შაქარი მაღალია სისხლში, კანში ადვილად იბუდებს მიკრო ორგანიზმები და შესაძლოა განვითარდეს კანის სოკოვანი დაავადება. გარდა ამისა სისუსტე, წონის სწრაფი მატება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჭარბ წონიანმა ადამიანებმა. ამ დროს აუცილებლად უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზა, უნდა შეფასდეს, როგორ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამოყოფა. თუ მისი სიჭარბეა, ეს არის დიაბეტის წინა მდგომარეობა და ამ დროს აუცილებელია ყურადღების მიქცევა. ერთ-ერთი ნიშანია ახალგაზრდებში სწრაფი წონის კლება, საერთო სისუსტე და უსიამოვნო სუნი პირიდან.

Диабет
დიაბეტის დაავადება

,

14 ნოემბერს არის დიაბეტის მსოფლიო დღე. სამედიცინო დაწესებულებებში ყველგან აღნიშნავენ ამ დღეს. ამ თვალსაზრისით ღონისძიება ტარდება ჩვენს კლინიკაშიც, სამედიცინო ცენტრ „მედელიტში“, რომელიც მდებარეობს ალ.ყაზბეგის გამზირზე N34, IIIრიგი, (გოგი გეგეჭკორის ქ. N3).  იქნება პაციენტების უფასო გამოკვლევა და კონსულტაცია ენდოკრილოგთან. უფასო იქნება გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, გარდა ამისა ცნობილი გერმანული კომპანია „ბაიერი“, ყოველ მეხუთე პაციენტს საჩუქრად გადასცემს უკანასკნელი წარმოების შაქრის გამზომ მოწყობილობას. ამ ღონისძიებაში  ჩაერთვება ოფთალმოლოგიური კლინიკა „ლაიონსების თვალის კლინიკა“ და პაციენტებს ჩაუტარდებათ ოფთალმოლოგის კონსულტაცია უფასოდ.

 

მთავარი თემები